– დღეს ოპოზიციას აქვს ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, ბრძოლის ორი ფრონტი: პირველი – ზოგადი სტრატეგიისა და მიმართულების ჩამოყალიბება ხელისუფლების შესაცვლელად და მეორე – მოიპოვოს და გააფართოოს ელექტორალური წრე. ეს შიდა დაპირისპირებები, ვფიქრობ, სწორედ ამ მეორე ამოცანას ემსახურება, თუმცა ამას ისე უხარისხოდ აკეთებენ, მგონი, იმ ელექტორალურ რესურსსაც კარგავენ, რაც აქვთ…
არ ვიცი, რაში სჭირდებათ ამ წვრილმანებზე ასეთი აჟიოტაჟი, მით უფრო, როდესაც ხედავ, როგორ აძლევ საზრდოს “ქართული ოცნების” პროპაგანდას. თითქოს არც უნდა იყოს და არც არის ეს იმდენად პრიორიტეტული არც ქვეყნისთვის და არც მოქალაქეებისთვის, რომ ამაზე ამდენი ენერგია და ძალა დახარჯო. სამწუხაროდ, დღეს ერთ-ერთი საყრდენი იმისა, რომ “ქართული ოცნება” ელექტორატსაც ინარჩუნებს და ძალაუფლებასაც, არის სწორედ ასეთი ოპოზიცია. დიდი განჭვრეტა არ სჭირდებოდა იმას, რომ ოპოზიციის ერთიანობისა და ნორმალური კანდიდატის შემთხვევაში, გაცილებით მეტი შანსი ჰქონდათ თბილისის მოგების, ვიდრე “ქართულ ოცნებას”. გარდა ამისა, მთელი ოპოზიციის საარჩევნო პროცესში მონაწილეობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ხელისუფლებისგან მოსალოდნელი გაყალბების შემდეგ, პროტესტიც მეტად ლეგიტიმური იქნებოდა როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე პარტნიორებისთვისაც. სამწუხაროდ, ოპოზიცია ურთიერთკინკლაობაშია გართული, ეს კი ოპოზიციური განწყობის გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ახალი არჩევანისკენ კი არ უბიძგებს, არამედ იმისკენ, რომ არ წავიდეს არჩევნებზე და არც საპროტესტო გამოსვლებში მიიღოს მონაწილეობა. გაუგებარია, რისთვის იბრძვის ოპოზიცია, რა არის მისი მიზანი – ჩერგოლეიშვილი გადააჩვიოს უცენზურო წერა-კითხვას თუ ხელისუფლების ავტორიტარიზმისკენ სვლა როგორმე შეაჩეროს?
– მთლად დალაგებული ვითარება არც “ქართულ ოცნებაშია”. ნებისმიერი საკადრო ცვლილება თუ საარჩევნო მზადება აჩვენებს, რომ ხელისუფლებას კადრების დეფიციტი აქვს. ყველასთვის მოულოდნელად შეცვალეს არცთუ დიდი ხნის წინ სუს-ის უფროსად დანიშნული ანრი ოხანაშვილი და მდინარაძით ჩაანაცვლეს… საზოგადოების განხილვის თემად კვლავ არის აჭარის ყოფილი ხელმძღვანელის თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებული ტრაგიკული მოვლენები…
– ჩემთვის არაფერია ახალი. ივანიშვილმა ღარიბაშვილის კობახიძით შეცვლის შემდეგ ახალ პრემიერს მისცა ცოტაოდენი თავისუფლება თავისი გუნდის ჩამოსაყალიბებლად. სწორედ ამით იყო განპირობებული ის ცვლილებები, რაც ვნახეთ, მთელი ძალოვანი ბლოკი შეიცვალა. სხვა საქმეა, რომ ვიღაცებს ფული მოსთხოვეს, ვიღაცები გაწირეს, მაგრამ ყველა დიქტატორულ რეჟიმს ახასიათებს ამგვარი ნაბიჯები.
რაც შეეხება ოხანაშვილის ჩანაცვლებას, გახსოვთ, ალბათ, საკმაოდ დიდხანს მიდიოდა ლაპარაკი იმაზე, რომ მდინარაძე შეიძლება ყოფილიყო თბილისის მერობის კანდიდატი. როგორც ჩანს, ამ დაპირისპირებაში ივანიშვილმა არ გაწირა კალაძე და დატოვა ისევ კანდიდატად. შესაბამისად, მდინარაძე უკმაყოფილო დარჩა და ეს როგორმე უნდა დაებალანსებინათ. ასეთ შემთხვევაში სუს-ის ხელმძღვანელობა მისთვის მისაღები აღმოჩნდა, მით უფრო, კულუარებში ხშირად ამბობდნენ, რომ ოხანაშვილმა ვერ გაართვა თავი ამ უწყების ხელმძღვანელობას, თუმცა არ გამოვრიცხავ, ის დააბრუნონ მთავრობაში არჩევნების შემდგომ. ჩემი აზრით, იუსტიციის მინისტრის პოსტზე მოსალოდნელია სალიას ოხანაშვილით ჩანაცვლება.
“ქართულ ოცნებასა” და ნებისმიერ ქართულ ხელისუფლებაში გამსახურდიადან მოყოლებული დღემდე კადრების შერჩევის ერთადერთი პრინციპი მუშაობდა და მუშაობს – ეს არის მორჩილება. ვინც თანხმდება ამას, ის იკავებს თანამდებობას. ამიტომაც ტრიალებს ეს ხელისუფლებაც ერთ წრეზე… წაიკითხეთ სრულად