ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 400-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას „თალიბანის“ მთავრობა ავრცელებს.
ხელისუფლება მსხვერპლის რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავს. სამაშველო-სამძებრო რაზმები ავღანეთის აღმოსავლეთით, მთიან რეგიონებში სამუშაოებს განაგრძობენ.
6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ავღანეთში 31 აგვისტოს მოხდა. სტიქიამ პაკისტანთან მოსაზღვრე ქუნარის პროვინციაში მთლიანი დასახლებები გაანადგურა. მიწისქვეშა ბიძგებმა ზოგიერთ რაიონში მეწყერი გამოიწვია, რის გამოც ჩახერგილია გზები. მომხდარი მიწისძვრის გამო „თალიბანი“ საერთაშორისო დახმარებას ითხოვს.
გაერთიანებულმა სამეფომ ჰუმანიტარულ სააგენტოებს ავღანეთის დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ერთი მილიონი ფუნტი გამოუყო, რადგან დიდი ბრიტანეთი „თალიბანის“ მთავრობას არ აღიარებს. ამასთან, ავღანეთის ხელისუფლებას დახმარება ჩინეთმა შესთავაზა.