მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი და პეკინში დაგეგმილი სამხედრო აღლუმი, რომელიც ხვალ გაიმართება.
ღონისძიებაზე დაპატიჟებული იყოს 43 ქვეყნის ლიდერი, თუმცა მათ შორის საქართველო არ აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი პეკინთან ურთიერთობას “სტრატეგიული პარტნიორობის“ დონეზე აფასებს. ჩნდება კითხვა: როგორ აიხსნება ის, რომ საქართველოსა და ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ გამოცხადებული, მაგრამ მაინც ვერ მივიღეთ მიწვევა, მაშინ, როდესაც სი ძინპინის საპატიო სტუმრებს შორის სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი პირებიც არიან? – ეს კითხვა დავუსვით ქართველ ექსპერტებს, რომელთა პასუხებსაც გთავაზობთ:
გიორგი გობრონიძე:
– ფორმალურად, დიახ, პარტნიორობა არსებობს, მაგრამ აშკარაა, რომ ის არც ისე სტრატეგიულია, როგორც თბილისში წარმოუდგენიათ. ამ თემაზე ხელისუფლების დუმილი შეიძლება რამდენიმე მიზეზით აიხსნას. პირველ რიგში, შესაძლოა პეკინს არ სურდა, რომ საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები ერთ ღონისძიებაზე ერთად გამოჩენილიყვნენ – ეს მასპინძლისთვის უხერხულობას შექმნიდა. ფაქტობრივად, არჩევანი იდგა: ან რუსეთი, ან საქართველო. ბუნებრივია, ასეთ პირობებში სი ძინპინმა რუსეთი აირჩია. მეორე მხრივ, ჩინეთის საგარეო პოლიტიკაში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს რეალური მნიშვნელობა – აშშ, რუსეთი და რამდენიმე დიდი სახელმწიფო. დანარჩენებს, მათ შორის საქართველოს, პეკინი უფრო “ფორმალური პარტნიორების“ კატეგორიაში განიხილავს. შეიძლება ხელმოწერილი იყოს სტრატეგიული დოკუმენტი, არსებობდეს უვიზო რეჟიმი ან სხვა შეთანხმება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ჩინეთი ამ ქვეყნებს პრიორიტეტულად აღიქვამს. ამიტომაც, საქართველოს არ დაპატიჟება მხოლოდ დიპლომატიური მარცხი არ არის. აქ მოქმედებს მთელი რიგი ნიუანსები – ჩინეთის დიპლომატიური იერარქია, რეგიონული გათვლები და განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ პეკინი არ ისურვებდა თბილისისა და მოსკოვის ერთ რიგში დაყენებას.
მირიან მირიანაშვილი:
– ჩემი აზრით, “ქართული ოცნებისთვის“ ეს პრობლემური სიგნალია ჩინეთიდან. შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა თავი შეიკავა გაეროს იმ რეზოლუციისგან, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას შეეხებოდა. ახლა კი ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე თბილისი საერთოდ არ მოიწვია. ეს პირდაპირ აჩენს კითხვას: რამდენად რეალურია სტრატეგიული პარტნიორობა, თუ თავად პეკინი მას შესაბამის მნიშვნელობას არ ანიჭებს? ფაქტობრივად, ეს საგარეო პოლიტიკის სერიოზული ხარვეზია. ხელისუფლების მიერ გამოცხადებული “სტრატეგიული გახსნა აღმოსავლეთისკენ“ აშკარად წინააღმდეგობაშია რეალობასთან. ზოგადად, სი ძინპინის მიერ ჩამოყალიბებული დიპლომატიური ფორმატი აშკარად კონფლიქტურია დასავლეთთან მიმართებაში. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ, პეკინი ცდილობს მეორე მსოფლიო ომში იაპონელ დამპყრობლებზე გამარჯვების 80 წლისთავის “პოლიტიკურ პრივატიზაციას“. ღონისძიებაზე მიწვეული არიან ანტიდასავლური ბლოკის ლიდერები, მაშინ როცა ევროპიდან მხოლოდ სლოვაკეთის პრემიერის დასწრება დადასტურდა, დანარჩენი ევროპული ქვეყნები აშკარად ემიჯნებიან პროცესს. ჩინეთი ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს მისი როლი მეორე მსოფლიო ომში გადამწყვეტი იყო. რეალობა სხვაგვარია: იაპონიის დამარცხება სამხედრო და პოლიტიკურ ჭრილში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყო, მათ შორის ატომური იარაღის გამოყენებით. მიუხედავად ამისა, სი ძინპინი ცდილობს წარსული “გრანდიოზული სცენარით“ დღევანდელი ჩინეთის ძალის დემონსტრირებას.
კახა გოგოლაშვილი:
– საქართველო არც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია და არც დამკვირვებელი ქვეყანა. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ღონისძიებაზე მხოლოდ წევრები და დამკვირვებლები მიიწვიეს. რა თქმა უნდა, კითხვას აჩენს ის ფაქტი, რომ ღონისძიებაზე მხოლოდ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები არ დაიბარეს. ამ შეხვედრის ფარგლებში რუსეთმა და ჩინეთმა 22 დოკუმენტზე მოაწერეს ხელი და განაცხადეს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაზე. დასავლურ მედიაშიც გაჩნდა ვერსია, რომ სი ძინპინი აპირებს შექმნას ახალი ანტიდასავლური ბლოკი, რომელიც გასცდება ეკონომიკურ ინტერესებს. პოზიცია განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ინდოეთის ჩინეთისკენ მიმხრობა, პრაქტიკულად, ტრამპის საგარეო პოლიტიკის კრახია. ამერიკის მხრიდან არასწორი ნაბიჯებმა დელი ისე გაანაწყენეს, რომ დღეს ინდოეთი ბევრად უფრო ახლოს დგას პეკინთან, ვიდრე ვაშინგტონთან. ფაქტობრივად, ინდოეთმა ზურგი შეაქცია აშშ-სა და დასავლეთს და დაიწყო უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ჩინეთთან. ამ ვითარებაში პეკინი ცდილობს შექმნას ძლიერი ანტიდასავლური ბლოკი, რომელიც აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ეკონომიკური კავშირებით. საუბარია უსაფრთხოების და სამხედრო კოალიციებზეც, რაც მომავალში სერიოზულ ზეწოლას მოახდენს როგორც აშშ-ზე, ისე მთლიანად დასავლეთზე.
ვახტანგ ძაბირაძე:
– რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ჩინეთმა და აშშ-მა ერთმანეთთან დამოკიდებულებაზე და აკრიტიკონ ერთმანეთი, ფაქტი ფაქტად რჩება – ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი არის ამერიკა და ბუნებრივია, ერიდება მის გაღიზიანებას. კი, საქართველოსთან ჩინეთის ურთიერთობა კორექტულია, მაგრამ არა იმდენად მაღალი დონის, რომ ქვეყნის ლიდერი მთავარი სტუმრების სიაში იყოს. ის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მიიწვიეს და საქართველო არა, შესაძლოა რეგიონში ბალანსის დაცვის ცდაც იყოს. მათთან ერთად საქართველოს მოწვევა შეიძლება აღქმულიყო როგორც გეოპოლიტიკური “გზავნილი” დასავლეთისთვის, რასაც ჩინეთი, სავარაუდოდ, ერიდება. მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების პოზიციისა, ჩვენი ქვეყანა კვლავ პროდასავლური კურსის ქვეყნად მიიჩნევა.