წირვა-ლოცვის დროს არ მაქვს იმხელა დატვირთვა, რამდენიც კვეთებულის ლოცვების დროს. კვეთებულის ლოცვები შედგენილია წმინდა მღვდელმთავართა – ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის მიერ. მათი ლოცვის მეშვეობით იდევნებიან ეშმაკები. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეშმაკს არ აქვს თავისუფლად გადაადგილების უნარი, მას არ ძალუძს, თავისი ნებით შევიდეს ადამიანში – მისთვის უფალს ეს ძალა არ მიუნიჭებია. გახსოვთ, ალბათ, იობ მრავალვნებულის ცხოვრება, როცა უფალმა ეშმაკს ყველაფრის წართმევის ნება მისცა, მაგრამ მკაცრად უბრძანა – მის სულს არ შეეხოო, რადგან, თუ ეშმაკი ადამიანის სულს დაეპატრონა, მაშინ კაცი თავის თავს ვეღარ აკონტროლებს, იგი სულიერად მკვდარია. მართალმა იობმა ყველაფერი დაკარგა, ყველამ მიატოვა, სხეული დაუწყლულდა, მაგრამ უფლისთვის მაინც არ უღალატია – ბოლომდე მას სასოებდა.
წმინდა მამათა გამოცდილებიდან ვიცით, რომ ეშმაკი ადამიანში სამი კარით შედის. ესენია – ურწმუნობა, სასოწარკვეთილება და ბილწი ცხოვრება.
კვეთებულის ლოცვებში ისიც კი წერია, რომ ეშმაკი შეიძლება იყოს თვალებში, გონებაში, ყურში, “უპესა ქვეშე” კანში, ფრჩხილებში, კოჭში – ესე იგი მისთვის ზღვარი არ არსებობს, იგი ყველგან შეიძლება განთავსდეს. იგი იმდენად ძლიერია და დახვეწილად მოქმედებს, რომ მთელი ხილული სამყარო ერთ დღეში შეიძლება დაანგრიოს და მიწასთან გაასწოროს…
ერთი ბერის ცხოვრება გამახსენდა: იგი წმინდად ცხოვრობდა და დიდი მლოცველიც იყო, მდიდარი სულიერი შვილები ჰყავდა, რომელნიც სავაჭროდ დადიოდნენ შორეულ ქვეყნებში. იგი ყოველთვის ელოდებოდა, სავაჭროდ წასულნი როდის დაბრუნდებოდნენ, რომ მისთვის ფული მიეტანათ. ასე დაიჭირა ეშმაკმა ბერი ვერცხლისმოყვარეობით. შემდეგ ერთ სალოსს გამოცხადებით ეუწყა ბერის მდგომარეობა, მივიდა და ბერს უთხრა, ვერცხლისმოყვარეობით შეგიპყრო ეშმაკმაო. მართლაც, ვერცხლისმოყვარეობის ეშმაკი იდგა მის გვერდით.
ამიტომ გარეგნულად არ უნდა შევაფასოთ ადამიანი – შეიძლება მართლაც სიწმინდით ცხოვრობდე, პატიოსანი იყო, მაგრამ ერთი მცირე რამით იყო დაჭერილი ეშმაკის მიერ. ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარ თავში აღმოვაჩინოთ ნაკლი, უნდა მკაცრად ვაკონტროლოთ საკუთარი თავი და გავაანალიზოთ, რით ვართ დაჭერილნი. ეშმაკს არ უნდა მივცეთ ნება, შთაგვაგონოს, რომ შენ მართალი ადამიანი ხარ, სწორად ცხოვრობო. შეიძლება კიდეც ვიპოვოთ საკუთარ თავში რაღაც ნაკლი, მაგრამ ეშმაკი კვლავ შეეცდება, დაგვარწმუნოს, რომ ეს არაფერია, ასეთი ნაკლი ხომ ყველას აქვს, არა უშავს, სიკვდილის წინ შეინანებ მოძღვრის წინაშეო. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის დიდი საცდური; სინანულსაც ნიადაგი სჭირდება, ნიადაგი იმისთვის, რომ მყარად დავდგეთ და ძლიერად ვიგრძნოთ თავი რწმენაში, სინანულში, სიყვარულში… წინააღმდეგ შემთხვევაში ეშმაკი ჩვენში ადვილად შემოაღწევს და ჩვენს სულს დაეპატრონება.
– თუკი ეშმაკი უფლის ნების გარეშე ვერ მოქმედებს, მაშ, რატომ რთავს მას ნებას უფალი, რომ ადამიანში შევიდეს?
– როცა ადამიანი ჯიუტობს და ეწინააღმდეგება უფლის კანონებს, მაშინ უფალი მასზე ხელს აიღებს – წყალობას მოაცილებს და მიუშვებს ეშმაკს, რათა ადამიანს თავისი თავი დაანახოს ისევ მის სასარგებლოდ, დაარწმუნოს, რომ არსებობს უფალი, ეშმაკიც; თავისი ძალებით შეეცადოს, რომ ისევ უფალს დაუბრუნდეს.
როცა კვეთებულის ლოცვებს ვკითხულობ, ჩემში ყველა ის ვნება და განცდა შემოდის, რაც იქ მოსულ ადამიანებშია. ეს იმდენად რთული და მძიმეა ჩემთვის, რომ ამის გადმოცემა ენას არ ძალუძს და ვერც ვერავინ გაიგებს; რა ხდება იმ წუთებში წამკითხველის გონებაში – ეს მხოლოდ უფალმა იცის. ხანდახან ეშმაკისგან ასეთი აზრი მოდის – აი, რა დიდი პიროვნება ხარ, რამდენი ადამიანი ჩამოვიდა შორი გზიდან შენს ლოცვებზე; მე კი ვპასუხობ – არა ჩემით, არამედ წმინდა ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლოცვით. შემდეგ ისევ ჩამაგონებს – ხომ ხედავ, ვიღაც განკურნე უკურნებელი სენისგან; მე კი კვლავ ასეთ პასუხს ვაგებებ – არა ჩემით, არამედ წმინდა მღვდელმთავართა შემწეობით, მათივე რწმენითა და ლოცვით. ასეთი საუბარი იმართება ჩემსა და ეშმაკს შორის.
ეშმაკი ყოველნაირად ცდილობს, რომ ამ ლოცვას ძალა წაერთვას, ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა შემექმნას, ხიბლში ჩამაგდოს. მაგრამ კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ მას არ უნდა მოვუსმინო, არ უნდა ავყვე. ამიტომაც ვიმეორებ ასე ხშირად – არა ჩემით, არამედ წმინდა მღვდელმთავართა ლოცვა-კურთხევით. ასე ვიგერიებ მის შემოტევებს. ასე რომ არ მოვიქცე, ეშმაკების მთელი ლეგიონი შემოვა ჩემში და აქვე დამცემენ, გამანადგურებენ და თავად მე გავხდები ყველას დასაცინი, მიწასთან გასწორებული.
რუის-ურბნელი ეპისკოპოსი იობი (აქუაშვილი)