წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. უფრო კონკრეტულად, ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს ,,მოსავლის მართვის კომპანია“ დადგენილ ფასად ჩაიბარებს.
კერძოდ, კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი 1.50 ლარი იქნება, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული სხვა საღვინე ჯიშების ყურძნის- 1.20 ლარი; არაკონდიციური ყურძნის, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს – 1 ლარი, ასევე 1 ლარი იქნება დაზიანებულ/დაავადებული ყურძნის ჩაბარების ღირებულებაც.
როგორც როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სერტიფიცირების სპეციალისტმა ფერმერთა ასოციაციაში ილია კუნჭულიამ განაცხადა, სუბსიდირება მთელს მსოფლიოში მიღებული მიდგომაა, მაგრამ ჩვენთან ის განსხვავებულად მიმდინარეობს.
“ქართველი ფერმერი ყველაფერს აკეთებს, რუსებს კარგი და იაფი ღვინო ჰქონდეთ”
„სუბსიდირება და ფერმერების მხარდაჭერა მთელს მსოფლიოში მიღებული მიდგომაა, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით ევროკავშირში ეს პროცესი გაწერილია ძალიან გრძელვადიანად, არის ინკლუზიური და თითოეული ქვეყანა ჩართულია სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, რაც ადგილობრივი ფერმერებისა და ბაზრის რეგულაციებს შეეხება. განსხვავებით საქართველოსგან, სადაც არ ვიცით რა ხდება. წელს ცოტა პროგრესი გვაქვს და ფასი ცოტა წინასწარ გავიგეთ, სხვა წლებში ყურძნის მიღების დღეს ცხადდებოდა ხოლმე. ჩვენ წლიდან წლამდე არ ვიცით, რა მოხდება, როგორი იქნება პოლიტიკა და ეს პროცესი არ არის ჩართულობით წარმართული,“ – განაცხადა ილია კუნჭულიამ.
მისი თქმით, ქართული ალკოჰოლის 70% რუსეთში გადის და სუბსიდირების შედეგიც ეს არის.
„ამ სუბსიდირების პროგრამის შედეგი ის არის, რომ ქართველი ფერმერები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსებს ჰქონდეთ კარგი და იაფი ღვინო. ჩვენი ალკოჰოლის 70% რუსეთში გადის და როგორ მივედით აქამდე, არ ვიცი,“ – აცხადებს ის.
როგორც სერტიფიცირების სპეციალისტი ამბობს, სუბსიდირება კრიზისულ პერიოდებში უნდა გამოიყენებოდეს, ჩვენთან კი ის თითქმის 20 წელია გრძელდება.
„სუბსიდირების პროგრამა რუსეთის მიერ შემოღებული ემბარგოს შემდეგ დაიწყო. ეს არის ხელსაწყო, რომელიც კრიზისულ პერიოდებში, ანუ მოკლე ვადაში უნდა გამოიყენებოდეს, ჩვენთან კი ბოლო არ უჩანს, მალე 20 წელი გახდება, რაც ეს პრაქტიკაა ქართულ ბაზარზე,“ – ამბობს ილია კუნჭულია.