აშშ რუსეთის საზღვართან მდებარე ევროპული ქვეყნებისთვის უსაფრთხოების დახმარების ნაწილს ეტაპობრივად შეამცირებს, – ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ეს გეგმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკას – „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ – უკავშირდება. მისი ადმინისტრაცია უცხო ქვეყნებისთვის დახმარებას ამცირებს და ევროპის ქვეყნებს საკუთარი სამხედრო ხარჯების დაფინანსებისკენ მოუწოდებს.
როგორც გამოცემა იუწყება, მათ შორის არიან ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა.
„პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველივე დღეს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებას. ეს ქმედება კოორდინირებული იყო ევროპულ ქვეყნებთან, რათა ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავდაცვაზე“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.