მაქვს ჩამოყალიბებული მყარი პოზიცია – ან გამარჯვება ან სიკვდილი! ყველაფრისთვის ვარ მზად აბსოლუტურად! 100%-ით! – მიმაჩნია, რომ უნდა გავწირო სიცოცხლე იმისთვის, რომ ეს რეჟიმი უახლოეს პერიოდში შეიცვალოს! – ეს განცხადება პოლიტიკური გაერთიანება “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ, “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ გააკეთა.
როგორც ფოფხაძემ განმარტა, საკუთრივ 4 ოქტომბერს რაღაც განსაკუთრებულს არაფერს უკავშირებს, მაგრამ მისივე თქმით, იქნება ბევრი ადამიანი, პროტესტი და “კიდევ ერთი გამოცდა რეჟიმისათვის, რომელსაც ის ან ჩააბარებს ან – ვერა“.
“1924 წლის აჯანყების დროს კაცს შეიძლება ჩაეთვალა, რომ ბოლშევიკური ოკუპაციის დამარცხების არანაირი შანსი არ იყო, მაგრამ ყველა ქართველის მორალური ვალდებულება აჯანყებაში მონაწილეობა იყო. რა თქმა უნდა, ქართველთა უმრავლესობას 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობა არ მიუღია. აჯანყებაში მონაწილეობა რჩეულთა გარკვეულმა ნაწილმა მიიღო და ეს ხალხი ყველა გმირია – ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, კოტე აფხაზი – უკლებლივ ყველა, ვინც ამ აჯანყებაში იღებდა მონაწილეობას. ეს იყოს ხალხი, ვინც ქვეყნისთვის და თავისუფლებისთვის ბოლომდე იხდიდა ვალს. მიდიოდა მაქსიმალურ რისკზე და სიცოცხლეს წირავდა.
მე არ ვიცი, ეს რა დღეს შეიძლება მოხდეს და რამდენად სწორია გადამწყვეტი დღის დაანონსება. ეს ბრძოლის სწორი ფორმაა იმ ხალხისთვის, ვინც ამბობს: რუსთაველზე მაშინ დაგვიძახეთ, თუ რაღაცას აპირებთ.
მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა გავაკეთოთ ის, ვისაც რისი გაკეთებაც შეგვიძლია – მსხვერპლის მაქსიმალური გაღებით! მე აქ საკუთარ თავს ვგულისხმობ და არავინ ჩათვალოს, რომ ვსაუბრობ მსხვერპლზე სხვა ადამიანებთან მიმართებით! ჩემთვის მაქვს ჩამოყალიბებული მყარი პოზიცია – ან გამარჯვება ან სიკვდილი! ყველაფრისთვის ვარ მზად აბსოლუტურად, 100%-ით! მიმაჩნია, რომ უნდა გავწირო სიცოცხლე იმისთვის, რომ ეს რეჟიმი უახლოეს პერიოდში შეიცვალოს. თუ ეს მსხვერპლი ამ ეტაპზე შედეგს არ მოიტანს, ეს ჩემთვის არაფრის მაჩვენებელი არ იქნება. მზად ვარ, ჩემს თანამოაზრეებთან და იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეჟიმი დამთავრდეს. 4 ოქტომბერს რაღაც განსაკუთრებულს არ ვუკავშირებ, მაგრამ იქნება ბევრი ადამიანი, იქნება პროტესტი და კიდევ ერთი გამოცდა რეჟიმისთვის, რომელსაც ის ან ჩააბარებს ან ვერ ჩააბარებს.
1989 წლის 9 აპრილი რომ არ მომხდარიყო, არჩევნები შეიძლება “კომუნისტურ პარტიას“ მოეგო. რეჟიმი 89 წლის 9 აპრილმა დაამთავრა! ეს რეჟიმი უნდა ხვდებოდეს, რომ თუ არჩევნებს არ დანიშნავს და პოლიტიკურ პატიმრებს არ გამოუშვებს, მას პოლიტიკური მომავალი ვერ ექნება. მოცემულობა არის ერთმნიშვნელოვანი – რა თვითმმართველობის არჩევნები?! როგორ უნდა მივიდე მე საარჩევნო უბანზე და ვიღაცას მივცე ხმა, როცა 60-მდე ადამიანი ციხეში უკანონოდ ზის და არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა ლეგიტიმურად არ მიმაჩნია. თუ ამბობ, რომ პარლამენტის არჩევნები გაყალბდა და პარლამენტი არის არალეგიტიმური, მაშინ თვითმმართველობის არჩევნებში რატომ უნდა იღებდე მონაწილეობას?! ამაში არანაირი ლოგიკა არ არის!“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.