Die Welt: „ჩრდილოეთ ნაკადები“ ვალერი ზალუჟნის დავალებით ააფეთქეს

დივერსიული ჯგუფი, რომელიც იალქნიანი იახტით, Andromeda-თი გადაადგილდებოდა, გაზსადენების, „ჩრდილოეთ ნაკადი-1“-ის და „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის აფეთქებებშია ეჭვმიტანილი. ეს ჯგუფი, შესაძლოა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მაშინდელი მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის დავალებით მოქმედებდა. ზალუჟნი ამჟამად უკრაინის ელჩია დიდ ბრიტანეთში. ინფორმაციას გამოცემა Die Welt-ზე დაყრდნობით Deutche Welle ავრცელებს.

გამოცემას მოჰყავს ანონიმური გამომძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც გაზსადენების აფეთქებებს იძიებს.

Die Welt-ის ცნობით, გერმანიის ფედერალური პოლიციის და სისხლის სამართლის საქმეების ფედერალური უწყების გამომძიებლები დარწმუნებულები არიან, რომ „ჩრდილოეთ ნაკადებზე“ მომხდარი აფეთქებების საქმე გახსნილია. აგვისტოს ბოლოს გამოცემებმა Süddeutsche Zeitung, Die Zeit და ARD-მა გაავრცელეს მონაცემები, რაც ადასტურებს, რომ ბალტიის ზღვაში მომხდარ აფეთქებებთან უკრაინის ხელისუფლებაა დაკავშირებული.

21 აგვისტოს გერმანიის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რიმინის პროვინციაში უკრაინის მოქალაქე სერგეი კ. არის დაკავებული, რომელიც ჯგუფის შემადგენლობაში აფეთქებების მოწყობაში, ანტიკონსტიტუციურ დივერსიაში, ასევე ნაგებობის დანგრევაშია ეჭვმიტანილი.

გერმანიის ხელისუფლების ცნობით, სერგეი კ. შედიოდა ჯგუფში, რომელმაც 2022 წლის სექტემბერში „ჩრდილოეთ ნაკადში-1“ და „ჩრდილოეთ ნაკადში-2“ ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟა. აფეთქება დანიის კუნძულის, ბორნჰოლმის მახლობლად მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობის გადასატანად ეს კაცი და მისი თანამზრახველები იალქნიან იახტას იყენებდნენ – ამბობენ გამომძიებლები.