საფრანგეთში ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ და ბიუჯეტის დაგეგმილი შემცირების გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ლოზუნგით: „ყველაფერი დაბლოკეთ“.
- Reuters-ის ინფორმაციით, მომიტინგეებმა ნაგვის ურნები დაწვეს და გზები გადაკეტეს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა, რა დროსაც პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ათობით მომიტინგე დააკავეს.
“პრობლემა მაკრონშია და არა მინისტრებში… ის უნდა წავიდეს“, – განაცხადა საპროტესტო აქციის მონაწილემ მედიასთან საუბრისას.
პარიზში პოლიციამ ახალგაზრდა მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც საშუალო სკოლის შესასვლელს ბლოკავდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მეხანძრეები კი დამწვარი ნივთებით აღმართულ ბარიკადებს ასუფთავებდნენ.
პოლიციის განცხადებით, მათ შეაჩერეს დაახლოებით 1000 მომიტინგისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ცდილობდა ქალაქში მდებარე, Gare du Nord-ის რკინიგზის სადგურში შესვლას.
საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებით, დასავლეთით მდებარე ქალაქ რენში, მომიტინგეებმა ავტობუსს ცეცხლი წაუკიდეს. ზოგიერთი მომიტინგე პოლიციას ქვებით დაესხა თავს.
დემონსტრაციები პოლიტიკური არეულობის ფონზე მიმდინარეობს. ორი დღის წინ საფრანგეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრს, ფრანსუა ბაირუს უნდობლობა გამოუცხადა და თანამდებობიდან გადააყენა. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერ-მინისტრად სებასტიან ლეკორნუ დანიშნა, რამაც მემარცხენე პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია.