ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სატვირთო გადაზიდვის პოტენციალი წელიწადში 5 მილიონიდან 17 მლნ ტონამდე გაიზრდება

მისი თქმით, თურქეთი აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შუა დერეფნის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით თანამშრომლობას გააგრძელებს. დილმაჩი ხაზგასმით ამბობს, რომ შუა დერეფანი ბუნებრივად შეესაბამება „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ჩინურ ინიციატივას, რასაც ანკარამ პირველივე დღეებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა.

ივლისში აზერბაიჯანის რკინიგზასა და ჩინეთის რკინიგზის სახელმწიფო კორპორაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი იქნა ხელმოწერილი, რომლის თანახმადაც ბთყ-ის მარშრუტზე ყოველდღიური ბლოკ-მატარებლების რაოდენობა გაიზრდება და დღეში 10 მატარებლის გამტარუნარიანობას მიღწევს.

ბთყ-ის მოდერნიზებული რკინიგზით თურქეთში პირველი სატვირთო მატარებელი 2024 წლის 25 მაისს ჩავიდა. საქართველოს 184 კმ-იანი მონაკვეთის მოდერნიზაცია-გაფართოება 2023 წლის მაისიდან აზერბაიჯანის რკინიგზამ დაიწყო, ხოლო გასული წლის 20 მაისს სამუშაოები დასრულდა.

მარტის ბოლოს თურქულმა მხარემ განაცხადა, რომ ბთყ-ის რკინიგზა ნახიჩევანსაც დაუკავშირდება. კერძოდ, ყარსი-იგდირი-ნახიჩევანის სარკინიგზო ხაზის სიგრძე, დაახლოებით, 224 კმ იქნება, რაც ზანგეზურის დერეფნის ნაწილია. ამოქმედების შემდეგ სარკინიგზო ხაზზე 160 კმ/სთ-მდე სიჩქარის მატარებლები იმოძრავებენ.

ბთყ-ის რკინიგზით საქართველოს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ჩინეთს თურქეთიდან სამშენებლო მასალა, რკინის მადანი, მანგანუმი, ბორაქსი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საკვები პროდუქტები, საწმენდი საშუალებები, მარმარილო, მინდვრის შპატი, ანუ ფელდსპარი, MDF, სოიოს შროტი, ახალი ბოსტნეული და ხილი მიეწოდება. თავის მხრივ, თურქეთში რკინიგზით მარცვლეული, ბურღულეული, ცხოველის საკვები, ნიგოზი, სილიკონი, ქაღალდი, ლითონის ფურცელი, კათოდური სპილენძი, თუთია, სასუქი, ქიმიური პროდუქცია და ელექტროსაქონელი შედის.

ამდენად, ბთყ-ის რკინიგზით ჯერ მხოლოდ მშრალი ტვირთის მიზიდვა მიმდინარეობს, ხოლო ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება ექსპლუატაციაში სარკინიგზო ხაზის სრულად შესვლის შემდეგ დაიწყება. ნომენკლატურის მიხედვით, ნავთობპროდუქტები პოტენციურად საშიშ ტვირთად ითვლება და მათი ტრანსპორტირება მარშრუტის სრულ მზადყოფნამდე აკრძალულია. თუმცა აზერბაიჯანის რკინიგზა მოელის, რომ ეს წლის ბოლომდე დაიწყება.

ცნობისთვის, ბთყ-ის რკინიგზა 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა და ის თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული შედეგია. მისი მთლიანი სიგრძე 829 კმ-ია, საიდანაც 504 კმ აზერბაიჯანის, 246 კმ საქართველოს, ხოლო 79 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. რკინიგზამ აზიასა და ევროპას შორის საქონლის მიწოდების დრო საგრძნობლად, ანუ 15 დღემდე შეამცირა.