სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დოჰაზე ისრაელის დარტყმები ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას იწვევს

„კატარის დედაქალაქზე ისრაელის დარტყმები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დესტაბილიზაციის შემდგომ კრიზისს იწვევს“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთ-სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი შეხვედრა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო და პოლიტიკური დაძაბულობის მკვეთრი ზრდის კონტექსტში იმართება, რაც მოჰყვა ისრაელის მიერ 9 სექტემბერს კატარის დედაქალაქ დოჰაზე განხორციელებულ სარაკეტო  იერიშებს.

ამ ქმედების შესახებ ინფორმაცია ღრმა შეშფოთებით მივიღეთ. ეს ნაბიჯი ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის შემდგომ დესტაბილიზაციას იწვევს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ასეთი ქმედებები, რა თქმა უნდა, ყველაზე მკაცრად დაგმობას იმსახურებს“.

9 სექტემბერს ისრაელმა დოჰაში საჰაერო დარტყმა განახორციელა „ჰამასის“ მაღალი რანგის ლიდერებზე, რომლებიც იმ დროისთვის კატარის დედაქალაქში იმყოფებოდნენ.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმა საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა და დაამატა, რომ „არ შეეგუება ისრაელის ასეთ უპასუხისმგებლო ქცევას“.