ვის ეკუთვნის TOP-10 კომპანია, რომელსაც საქართველოში ავტომობილები შემოჰყავს

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ავტომობილების იმპორტი ძირითადად ამერიკიდან და იაპონიიდან ხორციელდება. უფრო კონკრეტულად, იმპორტის კუთხით 5 ძირითადი სავაჭრო ბაზარი 2025 წლის შვიდ თვეში ასე გამოიყურებოდა:

  • აშშ – 1.2067 მილიარდი აშშ დოლარის 98 785 ერთეული;
  • იაპონია – 205.5 მილიონი დოლარის 10 885 ერთეული;
  • გერმანია – 321.8 მილიონი დოლარის 4 163 ერთეული;
  • ჩინეთი 27.69 მილიონი დოლარის 3 374 ერთეული;
  • კანადა – 27.68 მილიონი დოლარის 1 578 ერთეული;

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ კომპანიებით, რომლებიც საქართველოში ყველაზე მეტი ღირებულების ავტომობილების იმპორტს ახორციელებენ.

„ბიზნესპრესნიუსისთვის“ საქსტატის მიერ მოწოდებული მონაცემებისა და საჯარო რეესტრის მიხედვით გთავაზობთ, ვის ეკუთვნის TOP-1O ავტოიმპორტიორი კომპანია:

შპს „აკა“ 1996 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის წილების უდიდეს ნაწილს – 46%-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ლუიზა თავართქილაძე ფლობს. წილების 27-27%-ს კი მაკა და სალომე ასათიანები ფლობენ.

შპს „ბი თუ ბის“ წილების 100%-ს სრულად ნინო გველესიანი ფლობს. კომპანია საჯარო რეესტრში 2017 წელს არის რეგისტრირებული.

შპს „გლობალ აუტო იმპორტი“ 2020 წელს დარეგისტრირდა რეესტრში. კომპანიის მესაკუთრე მიხეილი ზღუდაძეა.

შპს „ელ თის“ მესაკუთრე შპს „სარდა საქართველოა“. ამ უკანასკნელის წილებს კი სრულად ფლობს შვეიცარიის მოქალაქე რაუფ ხალილოვი. „ელ თი“ 2017 წელს დარეგისტრირდა.

შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“ 2010 წელს დარეგისტრირდა რეესტრში. მის წილებს სრულად ფლობს „თეგეტა მოტორსი“, რომლის 98.78%-ს შპს „თი ჯი ემ ჯგუფი“, ხოლო 1.22%-ს თემურ კოხოძე ფლობს.

შპს „ჯი-თი მოტორსის“, რომლის წილებს სრულად ფლობს შპს ჯი-თი გრუპი“. ამ უკანასკნელის მეწილეები ასე ნაწილდება: გიორგი გველესიანი (33.3%), გიორგი თავდიშვილი (33.3%) და თემურ უსტიაშვილი (33.3%).

შპს „კავკასიის ავტოიმპორტი“ 2004 წელს დარეგისტრირდა რეესტრში. კომპანიაში 27.9%-იანი წილი აქვს ლევან სურგულაძეს, რომლის წილების მმართველიც ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი სურგულაძეა. თავის მხრივ, გიორგი სურგულაძე 34.875%-იან წილებს ფლობს, 10% დავით გულაშვილს ეკუთვნის, დარჩენილი 27.225% კი გიორგი გულაშვილისაა.

შპს „ტოიოტა კავკასია“ 2006 წელს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. კომპანიის წილებს სრულად ფლობს იაპონური კომპანია „ტოიოტა ცუშო კორპორეიშენი“.

შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 2013 წელს დარეგისტრირდა. მის წილებს სრულად ფლობს „თეგეტა მოტორსი“.

შპს „ქარსინდიგო გე“ სამეწარმეო რეესტრში 2024 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის წილების სრული მესაკუთრე გიორგი ბეჭვაიაა.

 

შენიშვნა: იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.