გიორგი გაბუნია: ევროკავშირის და გერმანიის ელჩები იქცნენ რადიკალური აქტივისტების მხარდამჭერებად და ქომაგებად

„ქართული ოცნების” წევრმა გიორგი გაბუნიამ ევროკავშირის და გერმანიის ელჩების ქმედებები მწვავედ გააკრიტიკა. მისი თქმით, დიპლომატები, რომლებიც ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას უნდა ემსახურებოდნენ, საქართველოში რადიკალიზმის გაძლიერებას უწყობენ ხელს.

„დღეს ასეთი სურათი გვაქვს – ევროკავშირის და გერმანიის ელჩები, რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ სხვა სახელმწიფოს, იქცნენ რადიკალური აქტივისტების მხარდამჭერებად და ქომაგებად. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და გაუგონარი ფაქტი. აქ ვენის კონვენციაზეც აღარ არის საუბარი – აბსოლუტურად სხვა განზომილებასთან გვაქვს საქმე.

მოგეხსენებათ, ანანო ცინცაბაძე, რომელიც გახლავთ კონკრეტული ფონდის წევრი, რომელსაც აფინანსებს პოლონეთის სახელმწიფო და უხდის მას კონკრეტულ შრომის ანაზღაურებას არის რადიკალი აქტივისტი, რომელიც მუდმივად თესავს სიძულვილის ენას. ასეთ ადამიანები ემსახურებიან ქვეყანაში სიტუაციის არევას, სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობას, სიძულვილის ენის გაღვივებას. ასეთ რადიკალებს ხვდება ევროკავშირის ელჩი, რაც ძალიან სამწუხაროა.

ამის ნაცვლად, რომ ევროკავშირის ელჩი იქნება თუ გერმანიის ელჩი ემსახურებოდეს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას, განვითარებას და კიდევ უფრო მეტად დაახლოებას, ისინი ემსახურებიან საქართველოში რადიკალიზმისა და დაპირისპირების გაღვივებას, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი,” – აცხადებს გიორგი გაბუნია.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გურიაში ვიზიტისას აქტივისტებს შეხვდა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის გახსნას დაესწრო. შეხვედრის ფოტო მასალა სოციალურ ქსელში გააზიარა „სოლიდარობის ფონდ პიელ საქართველოს” წევრმა, ანანო ცინცაბაძემ. ფონდი პოლონეთის სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და მისი წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული ევროპული პროექტების განხორციელებაში. მმართველი გუნდი წევრები აცხადებენ, რომ ცინცაბაძის სიძულვილის ენით სავსე განცხადებებით გამოირჩევა და მიიჩნევს, რომ დიპლომატის მსგავსი შეხვედრები რადიკალების წახალისებას ემსახურება.