მზად ვარ რუსეთს ძლიერი სანქციები დავუწესო, თუ ნატოს წევრი ყველა ქვეყანა რუსულ ნავთობზე უარს იტყვის – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის მზადაა რუსეთს ძლიერი სანქციები დაუწესოს, თუ ნატოს წევრი სახელმწიფოები რუსული ნავთობის ყიდვაზე უარს იტყვიან.

„მზად ვარ რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები შემოვიღო, როცა ნატოს ყველა სახელმწიფო შეთანხმდება და იმავეს გააკეთებს, როცა ნატოს ყველა ქვეყანა რუსეთისგან ნავთობის შესყიდვაზე უარს იტყვის. როგორც იცით, ნატოს ძალისხმევა გამარჯვების საქმეში 100%-ზე ბევრად ნაკლებია, ხოლო ზოგის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვა შოკის მომგვრელი იყო! ეს საგრძნობლად ასუსტებს თქვენს პოზიციებს მოლაპარაკებებზე და ძალას რუსეთთან მიმართებით. მე ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვარ „ვიმოქმედო“, როცა თქვენც იქნებით მზად. უბრალოდ მითხარით, როდის?“, – დაწერა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ნატომ, როგორც ქვეყნების ჯგუფმა ჩინურ საქონელზე 50 – 100% ტარიფები უნდა დააწესოს, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ მოხსნის.

„ჩინეთს რუსეთზე დიდი კონტროლი და გავლენა აქვს, ხოლო ასეთი ძლიერი ტარიფები ამას გაანადგურებენ. ეს არ არის ტრამპის ომი (ის არც დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი!), ეს ბაიდენისა და ზელენსკის ომია. მე აქ ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ ის შევაჩერო და რუსებისა და უკრაინელების ათასობით სიცოცხლე გადავარჩინო (მხოლოდ გასულ კვირას 7 118 ადამიანი დაიღუპა. სიგიჟეა!). თუ ნატო მოიქცევა ისე, როგორც მე ვამბობ, ომი მალე დასრულდება და ყველა სიცოცხლე გადარჩება! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ დროს მაკარგვინებთ, ხოლო შეერთებულ შტატებს – ენერგიასა და ფულს“, – დასძინა ტრამპმა.