„ოქროს ფასი ადევს“ – აფხაზებს ბენზინი გაუძვირდათ, დე ფაქტო მთავრობა ხელს რუსეთისკენ იშვერს

აფხაზეთის ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინი რუსეთში ნავთობპროდუქტების საბირჟო ფასების ზრდის გამო გაძვირდა. ამის შესახებ დე ფაქტო ენერგეტიკის მინისტრ ბატალ მუშბამ განაცხადა, რასაც „აფსნიპრესი” ავრცელებს.

მისივე თქმით, სწორედ ეს ფაქტორია აფხაზეთში საწვავის საბოლოო ფასის ფორმირებაში გადამწყვეტი.

„აფხაზეთში საწვავის ღირებულება შესყიდვების ფასის მიხედვით ყალიბდება, რაც, თავის მხრივ, რუსეთის ბაზარზე არსებული ვითარებითა და კონკრეტულ დროს მოქმედი ფაქტორებით განისაზღვრება,“ – ამბობს მუშბა.

ასევე, მისი ცნობით, ფასებზე გავლენის მქონე დამატებითი ფაქტორი ნავთობპროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებული ლოგისტიკური სირთულეები და პრობლემებია.

მუშბა ამბობს, რომ ფასების მიმდინარე ზრდა ობიექტური საბაზრო ფაქტორია, რადგან რუსეთში საწვავის ღირებულებაც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

აფხაზი მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ არათუ AИ 95-ის, არამედ AИ 92-მარკის ბენზინსაც კი „ოქროს ფასი ადევს.“

კერძოდ, მეზობელი სოჭის ფასების მსგავსად აფხაზეთის ბენზინგასამართ სადგურებზე AИ 92-ის ფასი ლიტრზე 59.60 რუბლს (0.70 დოლარს), ხოლო AИ 95-ის 64 რუბლზე (0.75 დოლარზე) მეტს შეადგენს. ივლისში აფხაზეთში AИ 92-ის ლიტრი 58-60 რუბლი (0.68-0.71 დოლარი), AИ 95 კი 60-63 რუბლი (0.71-0.74 დოლარი) ღირდა.

რაც შეეხება პრემიუმ AИ 98-ს, ამჟამად ის 83.60 რუბლი (1 დოლარამდე) ღირს, მაშინ, როცა ივლისში 65-68 რუბლი (0.77-0.80 დოლარი) ღირდა. დიზელის საწვავი ივლისის 59-62 რუბლიდან (0.70-0.73 დოლარიდან) ამჟამად 71.60 რუბლამდე (0.85 დოლარამდე) გაძვირდა.

აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურების მხოლოდ რამდენიმე დიდი ქსელი, ძირითადად კი ლოკალური კერძო სადგურები ფუნქციონირებს. ყველაზე საიმედო და ხარისხიანი „როსნეფტის“ „RN-აფხაზიაა,“ რომელიც ადგილობრივი შვილობილი კომპანიაა და შედარებით კარგი ინფრასტრუქტურითა და პროდუქციის ხარისხით გამოირჩევა.

შემდეგი არის ბენზინგასამართი სადგურების ქსელი, „პოდოროჟნიკი,“ რომელიც, ასევე, „როსნეფტს“ უკავშირდება.

ადგილობრივი ქსელი, „აზიდი“ (AZID), ასევე, თანამედროვე აღჭურვილობითა და მაღალი ხარისხის საწვავით გამოირჩევა, თუმცა ფასები უფრო მაღალია. ქალაქებს შორის მაგისტრალებზე კარგი ბენზინგასამართი სადგურებით გამოირჩევა ქსელი AMT-ც.

დანარჩენი ლოკალური კერძო ბენზინგასამართი სადგურებია, რომლებიც მეტად ხშირია. ამ ძველ ან ნაკლებად ცნობილ სადგურებზე ბენზინის ხარისხი დაბალია.

ზოგადად, აფხაზეთის ბენზინგასამართ სადგურებს შორის ფასთა სხვაობა ლიტრზე შესაძლოა, 2-3 რუბლს შეადგენდეს.

ცნობისთვის: რუსეთის სტატისტიკის სამსახურის 8 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ბენზინის საცალო ფასი, 2024 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებთან შედარებით, 7.2%-ით, დიზელის საწვავის საშუალო ფასი კი 2.3%-ით გაიზარდა. 2024 წელს ბენზინის ფასები 9.52%-იანი წლიური ინფლაციის გათვალისწინებით, 11.13%-ით გაიზარდა. 2023 წელს 7.4%-იანი წლიური ინფლაციის გათვალისწინებით, ბენზინი რუსეთში 7.2%-ით, ხოლო 2022 წელს 11.9%-იანი ინფლაციის ფონზე 0.9%-ით გაძვირდა.