“რუსთავი 2”-ის ექსკლუზივი – როგორ გამდიდრდა გიორგი გახარია კოვიდ პანდემიის დროს? “კურიერი P.S.”-მა მოიპოვა დოკუმენტები, ფოტოები და ვიდეო მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ექს-პრემიერმა და მისმა ოჯახმა, მრავალათასიან შემოსავალთან ერთად, მთავრობის დაწესებული შეზღუდვებისგან თავის არიდებაც შეძლო.
2020 წელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი “კოვიდ 19”-ის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობას აცხადებს. იზღუდება სატრანსპორტო მიმოსვლა, წესდება კომენდანტის საათი, იკეტება კომერციული ობიექტების უმრავლესობა, იკრძალება შეკრებები, სავალდებულო ხდება პირბადით სიარული.
შეზღუდვებს ემორჩილება საზოგადოება – დამრღვევებს მკაცრი ჯარიმები უწესდებათ. თუმცა, როდესაც საქართველოს მაშინდელი პრემიერი მოქალაქეებს აკრძალვების შეგუებისკენ მოუწოდებს, თავის მეუღლეს მეგობრებთან ერთად იტალიურ არდადეგებს უწყობს.
პრემიერის მიერ საკარანტინო შეზღუდვების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში, 2020 წლის მარტში, გიორგი გახარიას ცოლი, მარიკა ფანცულაია, მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ იტალიაში მიდის. მილანის დუომო, რომის ტრევის შადრევანი – ვოიაჟის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში 12 მარტს ვრცელდება. გახარიას მეუღლე “კურიერი P.S.”-ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, მისი მეგობარი კი, 5 წლის შემდეგ, მარიკა ფანცულაიასთან ერთად მოგზაურობას უარყოფს.
ფოტოებით და კადრებით დასტურდება ისიც, რომ პანდემიის დროს, მაშინდელი პრემიერის ექიმი მეუღლე, ასევე ექიმ მეგობრებთან ერთად იტალიიდან სამშობლოში მთავრობის დანიშნული სპეცრეისით ჩამოდის.
წყარო “კურიერი P.S.”-ს უყვება, რომ მაშინდელი პრემიერის მეუღლე და მისი მეგობრები სახლებში ისე დაბრუნდნენ, არც სავალდებულო კარანტინი გაუვლიათ. ეს იმ ფონზე, როცა ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთდა, მთავრობის განკარგულების მიხედვით, 2 კვირის განმავლობაში სპეციალურ სასტუმროებში გადაჰყავდათ.
თავად გახარიას მეუღლეს არც დისტანცია დაუცავს და არც ქვეყნის შიგნით არსებულ სასტუმროებში მეგობრებთან ერთად დასვენებაზე უთქვამს უარი. გახარიას ექიმი მეუღლე და მისი მეგობრები კოვიდ პანდემიის შეზღუდვების მიუხედავად, პირბადეების გარეშე შეკრებასაც ახერხებდნენ და საქართველოს სხვადასხვა კურორტზე გამგზავრებასაც – ფაქტები ფოტოებითაც დასტურდება და არა მხოლოდ ფოტოებით – გახარიას მიერ შევსებული დეკლარაციაშიც წერია, რომ მისმა მეუღლემ, მარიკა ფანცულაიამ, 2020 წელს ტურში 9 900 ლარი გადაიხადა, სასტუმროებში კი, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, წლის განმავლობაში 6 313 ლარი დახარჯა.
2020 წლის 5 ივნისი – გიორგი გახარია ამტკიცებს, რომ გაღარიბდა. ამავე წელს, გაღარიბებული პრემიერი ბინას პარიზში ყიდულობს. 472 400 ევროს ღირებულების ბინა გახარიას ცოლის, მარიკა ფანცულაიას სახელზე ფორმდება. პარიზში იწყებს სწავლას მისი ქალიშვილი.
2020 წლის 24 აგვისტოს, ჩინოვნიკმა გახარიამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მიწის ორი ნაკვეთი იყიდა. ერთში სიმბოლური ფასი – 1 ლარი, მეორეში კი – 85 000 გადაიხადა.
პარიზში სახლი და ჩხოროწყუში მიწის ნაკვეთები გიორგი გახარიამ მხოლოდ 2021 წლის ქონებრივ დეკლარაციაში ასახა. პანდემიის დროს შეძენილი ქონება 2020 წლის დეკლარაციაში ვერ მოხვდა.
2020 წლის დეკლარაციიდან გაქრა 130 კვ.მეტრი ბინა ამაღლების ქუჩაზე და 1600 კვადრატულ მეტრზე მდებარე სახლები წავკისში. “კურიერი P.S.”-ი ექს-პრემიერის ვილაში მივიდა. აღმოჩნდა, რომ იქ მისი მშობლები დღემდე ცხოვრობენ. გახარიამ ეს ქონება არა მხოლოდ დეკლარაციაში დამალა, არამედ ოჯახშიც – ჰგონიათ, რომ წავკისში ნაქირავებ ვილაში ცხოვრობენ.
რატომ და როგორ ქრებოდა წლებთან ერთად დეკლარაციაში ყოფილი პრემიერის ქონება – ამ კითხვამ მისი თანაგუნდელი და უახლოესი გარემოცვის წევრი გააღიზიანა. ჩვენ ინფორმაციის გადამოწმება სწორედ ბერდია სიჭინავასთან ვცადეთ, თუმცა მან “კურიერი P.S.”-ის შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
ის, რასაც ბერდია სიჭინავა სისულელეს უწოდებს, თავად გიორგი გახარიას მიერ უკვე 2021 წელს შევსებული დეკლარაციით დასტურდება – ექს-პრემიერმა პანდემიის დროს პარიზში 83 კვ.მეტრი ბინა, ჩხოროწყუში კი 2 მიწის ნაკვეთი შეიძინა.