ჩრდილოეთ ოსეთი რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილების რეკორდული რაოდენობით დაგროვების გამო საგანგებო მდგომარეობის შემოღებას გეგმავს. ამის შესახებ რეგიონის ვიცეპრემიერ ირბეკ ტომაევმა განაცხადა, რასაც რუსული „კომერსანტი“ ავრცელებს.
ტომაევის თქმით, ამ დროისთვის ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის დამაკავშირებელ საკვანძო სატრანსპორტო დერეფანში ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გასავლელად ელექტრონულ რიგში რეგისტრირებული 2.5 ათას სატრანზიტო ავტომობილამდე არის თავმოყრილი. აქედან, დაახლოებით, 900 სატვირთო ავტომობილი თავის რიგს უშუალოდ ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე ელოდება, ხოლო 530 ერთეული სპეციალურად მოწყობილ ავტოსადგომებზე დგას.
„მიზანშეწონილად მიგვაჩნია საგანგებო კომისიის რიგგარეშე სხდომის ჩატარება, რომელზეც მიღებული იქნება გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ, რომ დაგროვილი სატვირთო ავტომობილების გაკონტროლება და ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე მათი განთავსება მოხდეს. საგანგებო მდგომარეობა სიტუაციის ნორმალიზებამდე გაგრძელდება,“ – აცხადებს ირბეკ ტომაევი.
ბოლო კვირის განმავლობაში ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, დაახლოებით, 27.5 ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ და, თითქმის, 74 ათასმა ადამიანმა გაიარა.
ცნობისთვის: რუსეთის საბაჟოს ჩრდილოკავკასიის სამმართველო 1-ლი ოქტომბრიდან ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომობილებისთვის ტერმინალთან მისვლის თარიღისა და დროის დაჯავშნის სისტემას აამოქმედებს. კერძოდ, სატვირთოების მძღოლები თარიღისა და დროის დაჯავშნას გადაზიდვის ელექტრონული დოკუმენტების სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის პორტალზე შეძლებენ. ელექტრონული რიგის გამოყენებით ზემო ლარსის გადაკვეთის პროცედურას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ქვესაუწყებო დაწესებულება, „როსგრანსტროი“ გაუწევს კოორდინაციას.