აშშ სომხეთისთვის 145 მლნ დოლარის დახმარების გაწევას გეგმავს, რაც ზანგეზურის, ანუ “ტრამპის დერეფნის” დაფინანსების პირველი ტრანში იქნება. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს დირექტორ ბრენდან ჰანრაჰანმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ჰანრაჰანი სომხეთის დედაქალაქ ერევანში თავისი შეხვედრების შესახებაც წერს და ეს ნაბიჯი შეაფასა, როგორც „პირველი დიდი ნაბიჯი “ტრამპის დერეფნის,” ანუ TRIPP-ის განხორციელებისკენ,” რაც იშიფრება, როგორც “ტრამპის საერთაშორისო გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.“ დიპლომატი წერს, რომ რეგიონული კავშირების გაფართოებასა და ეკონომიკურ ინვესტიციებზე სომხეთში პროდუქტიული მოლაპარაკებები გამართა.
ბრენდან ჰანრაჰანი სომხეთში 11-12 სექტემბერს იმყოფებოდა. ის სომხეთის ვიცეპრემიერ მგერ გრიგორიანს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება და კომუნიკაციების განბლოკვის შესაძლებლობები განიხილეს, ასევე, პროექტ „ტრამპის დერეფნის” მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ჰანრაჰანი აცხადებს, რომ დაფინანსების პირველი ტრანში ტრამპის ადმინისტრაციის პროგრამის, „გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ“ რეალიზებასა და მასთან დაკავშირებული შეთანხმების განხორციელებას ისახავს მიზნად. საუბარია 8 აგვისტოს შეთანხმებაზე, რომელიც ვაჭრობაში, ინფრასტრუქტურასა და კრიტიკულად აუცილებელი მინერალების მიწოდებაში ინვესტიციებს, ასევე, ტრანსსასაზღვრო უსაფრთხოების მხარდაჭერას გულისხმობს.
ცნობისთვის: 8 აგვისტოს, ვაშინგტონში სომხეთის, აშშ-ისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ. დოკუმენტის თანახმად, სომხეთი შეერთებულ შტატებს 99 წლით ექსკლუზიურ გრძელვადიან უფლებებს სომხური კანონმდებლობის ფარგლებში ანიჭებს იმ მარშრუტის განვითარებისთვის, რომლითაც აზერბაიჯანი ნახიჩევანთან სახმელეთო კავშირის დამყარებას შეძლებს. ამერიკული მხარე მიწის ქვეიჯარით გაცემას კონსორციუმზე გეგმავს, რომელიც ინფრასტრუქტურასა და მართვაზე იქნება პასუხისმგებელი.