თუ ევროპა „თავის წვლილს შეიტანს“ რუსული ნავთობიდან მიღებული შემოსავლების შემცირებაში, უკრაინაში ომი შესაძლოა, 2-3 თვეში დასრულდეს. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა Reuters-თან და Bloomberg-თან ერთობლივ ინტერვიუში განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულონ რუსული ნავთობიდან მიღებული შემოსავლების შემცირებასა და ომის დასრულებაში.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინურ საქონელზე დამატებით ტარიფებს არ დააწესებს, რათა ჩინეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩეროს, თუ ევროპული ქვეყნები ჩინეთსა და ინდოეთს მაღალ ტარიფებს არ დაუწესებენ.
„ჩვენ ევროპელებისგან წვლილს ველით და ევროპელების გარეშე წინ ვერ წავალთ“, – აღნიშნა მან.
ბესენტმა გაიხსენა, რომ ტრამპი მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს, დააწესონ 50%-დან 100%-მდე ტარიფები ჩინეთსა და ინდოეთზე, რათა რუსეთს ჩამოერთვას ნავთობიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც მისი შემოსავლის მთავარი წყაროა. მან ასევე გააკრიტიკა ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვა, ზოგი კი რუსული ნავთობიდან ინდოეთში გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებს ყიდულობს და განაცხადა, რომ ეს კონფლიქტის დაფინანსებას უწყობს ხელს.
„გარანტიას გაძლევთ, რომ თუ ევროპა რუსული ნავთობის მყიდველებს მნიშვნელოვან მეორად ტარიფებს დაუწესებს, ომი 60, ან 90 დღეში დასრულდება“, – აღნიშნა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.
ბესენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ მზადაა, ითანამშრომლოს ევროპულ ქვეყნებთან, რათა განიხილონ რუსული კომპანიების, მათ შორის ნავთობის მსხვილი კომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ მიმართ უფრო მკაცრი სანქციები და მოემზადონ რუსეთის სუვერენული აქტივების უფრო ფართოდ გამოყენებისთვის, რომლებიც 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიყინა.
მისი თქმით, ამის მიღწევა შესაძლებელია 300 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული აქტივების მცირე ნაწილების თავდაპირველად ჩამორთმევით, ან მათი სპეციალური დანიშნულების ინვესტიციაში ჩადებით, რომელიც შეიძლება უკრაინისთვის სესხის გირაოს სახით გამოდგეს.