„ჩვენ გვჭირდება მკაფიო პოზიცია“ – ზელენსკიმ ტრამპს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ლიდერს დონალდ ტრამპს მოუწოდა, უკრაინაში ომის დასრულებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხში „მკაფიო პოზიცია“ დაიკავოს.

Sky News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების შეჩერების ერთადერთი გზა, პირველ რიგში, უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების უზრუნველყოფაა.

„სანამ ომს დავასრულებთ, მე ნამდვილად მინდა, რომ ყველა შეთანხმება დაიდოს. მე მინდა… გვქონდეს დოკუმენტი, რომელსაც შეერთებული შტატები და ყველა ევროპელი პარტნიორი დაუჭერს მხარს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამისათვის ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტ ტრამპის მკაფიო პოზიცია“, – განაცხადა მან.

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს, გადადგას „გადამწყვეტი პირადი ნაბიჯები“ პუტინის შესაჩერებლად.

„მე მჯერა, რომ შეერთებული შტატები საკმარისად ძლიერია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად… მე მჯერა, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია საჭირო რაოდენობით მოგვაწოდოს საჰაერო თავდაცვის სისტემები და შეერთებულ შტატებს ისინი საკმარისი რაოდენობით აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ს შეუძლია საკმარისი სანქციების დაწესება რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მისაყენებლად და დონალდ ტრამპს საკმარისი ძალაუფლება აქვს იმისთვის, რომ პუტინს მისი შეეშინდეს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან გაიხსენა, რომ ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 18 პაკეტი უკვე წარადგინა და „ახლა ერთადერთი, რაც აშშ-ის მხრიდან აკლია, სანქციების ძლიერი პაკეტია“.

რუსული დრონების ნატოს ტერიტორიაზე შეჭრაზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინი ამგვარად ალიანსს ამოწმებს.

„მას სურს, ნახოს, რისთვის არის მზად ნატო, რისი შესაძლებლობები აქვს მას, როგორც დიპლომატიურად, ასევე პოლიტიკურად და როგორ რეაგირებს ამაზე ადგილობრივი მოსახლეობა. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ისინი კიდევ ერთ სიგნალს აგზავნიან: „ნუ გაბედავთ უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას, შესაძლოა, ისინი თავად დაგჭირდეთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.