როგორც TCRC წერს, თურქი საავტომობილო გადამზიდველებისათვის ყაზბეგი/ზემო ლარსის გამშვები პუნქტით ტვირთების რუსეთში ტრანსპორტირება ყველაზე იაფი, მაგრამ საზღვარზე დროის დაყოვნების თვალსაზრისით ყველაზე სარისკოა. თუმცა, თურქი გადამზიდველები მაინც საქართველოს სახმელეთო დერეფანს ირჩევენ.
თუ რა განაპირობებს, თურქი მძღოლების მიერ ბოლო პერიოდში საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მარშრუტის შერჩევას – „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი” განმარტავს:
„ყაზბეგი / ზემო ლარსის სასაზღვრო გასასვლელმა დამატებითი აქტუალობა 2022 წლის საომარი დაპირისპირების შედეგად შეიძინა, როდესაც რუსეთმა ინტენსიურად დაიწყო საქონლის თურქეთში შეძენა.
რუსეთის გადამზიდველები თურქეთიდან ზემო ლარსის გავლით მარშრუტის მიმზიდველობაზე და ეკონომიურობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ამასთან, ძირითად დამაბრკოლებელ ფაქტორად ამინდის ცვალებადობის შედეგად საზღვრის გაურკვეველი ვადით დაკეტვას ასახელებენ.
გარდა ამისა, რუსი გადამზიდველები დამატებით პრობლემად, სანქციების შედეგად ქართული მხარის მიერ, თურქეთის გავლით ევროპული საქონლის ზემო ლარსიდან გატარების შეზღუდვას ასახელებენ და ცალსახად აღნიშნავენ, რომ ზემო ლარსის გავლით მხოლოდ თურქული წარმოშობის გარკვეული სახის ტვირთების გატარებაა შესაძლებელი.
„საქართველოს ოფიციალურად სანქციები არ დაუწესებია, მაგრამ ისინი აკვირდებიან, რათა ქვეყნის სატრანსპორტო დერეფანი არ იქნას გამოყენებული სანქციების რეჟიმის გვერდის ავლით გზად და თურქეთის გავლით არ ატარებენ ევროპიდან პირდაპირ იმპორტირებულ საქონელს საკუთარი საზღვრის გადაკვეთით“. ამიტომ, ზემო ლარსის საზღვრის გამოყენებით, რუსეთში საქონლის მიწოდებისთვის აუცილებელია პროდუქციაზე თურქული წარმოშობის სერტიფიკატის არსებობა.
რუსი გადამზიდველები დამატებით ყურადღებას ამახვილებენ ტვირთის წინასწარ შემოწმების აუცილებლობაზე, კერძოდ აღნიშნავენ, რომ ტრანსპორტირებამდე ტვირთი საგულდაგულოდ უნდა შემოწმდეს, რათა დარწმუნდეთ, რომ მასზე ევროპული მარკირების კვალი არ არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ საზღვარზე მსგავსი რამ აღმოჩნდება, სატრანსპორტო საშუალებას უბრალოდ უკან დააბრუნებენ. დამატებითი დოკუმენტებიდან აუცილებელია „ეფრატურა“ (თურქული ინვოისი), რომელიც სტანდარტული თურქული დოკუმენტია და უპრობლემოდ გაიცემა სავაჭრო-სამრეწველო პალატაში. ამ დოკუმენტების გარდა, ქართული მხარე სხვა მოთხოვნებს არ აყენებს.
გარდა ზემო ლარსის სასაზღვრო გასასვლელისა, თურქულ სატრანსპორტო საშუალებებს რუსეთში ტვირთების ჩატანის სხვა ალტერნატივებიც გააჩნიათ, მაგრამ ფინანსურ – ეკონომიკური თვალსაზრისით მათი მიმზიდველობა დაბალია.
კერძოდ, სახმელეთო გადაზიდვების თვალსაზრისით, შესაძლებელია, საქართველოს ალტერნატივად გამოყენებული იქნეს თურქეთ – ირან – აზერბაიჯანზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი. თუმცა, საქართველოს მარშრუტთან შედარებით, ეს დერეფანი უფრო ძვირია, გარდა ამისა, თავად გადამზიდველები ირანში ხშირი შემოწმების, შეფუთვის დაზიანების ან ტვირთის დაკარგვის გამო, ამ მარშრუტს ნაკლებ პრიორიტეტს ანიჭებენ.
გადაზიდვის ამ ვარიანტს კიდევ ერთი ნაკლი გააჩნია, აუცილებელია დამატებითი საზღვრების გავლა „თურქეთი-ირანი“, „ირანი-აზერბაიჯანი“, „აზერბაიჯანი-რუსეთი“. ამასთან, შესაძლოა ყველგან რიგები იყოს და თითოეულ საზღვარზე ტვირთის გაუთვალისწინებელი შემოწმება იყოს აუცილებელი. გარდა ამისა, გადამზიდავებს ყველა ამ ქვეყნიდან „ნებართვები“ უნდა გააჩნდეთ, რაც დამატებით ფინანსებს უკავშირდება.
შესაბამისად, მიუხედავად ზემო ლარსში უზარმაზარი რიგებისა, თურქი გადამზიდველები თავს იკავებენ ირან – აზერბაიჯანის მარშრუტის არჩევაზე და და საქართველოზე გამავალ მარშრუტს ანიჭებენ უპირატესობას” – წერს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი”.