სერგეი რიაბკოვი: გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სერგეი ლავროვისა და მარკო რუბიოს შეხვედრის ჩატარების შანსები მაღალია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ განიხილება სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შეხვედრა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. სერგეი რიაბკოვის თქმით, ასეთი შეხვედრის ჩატარების შანსები მაღალია.

ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა რუსულ სააგენტო „ტასს“ განუცხადა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელად საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დანიშნა.

ამასთან, საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ „ტასთან“ ინტერვიუში ლავროვისა და რუბიოს შეხვედრის შესაძლებლობა გამორიცხა.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე ლიდერების სიტყვით გამოსვლა 23-29 სექტემბერს გაიმართება.