სტეფანწმინდის შემოვლითი გზის პროექტი დახარვეზდა – სად გაივლის ახალი მონაკვეთი

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სტეფანწმინდის შემოვლითი გზის პროექტის გარემოზე ზემოქმედების (გზშ) შეფასების ანგარიში დაახარვეზა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შენიშვნების გათვალისწინებისთვის 2-თვიანი ვადა მისცა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, დაზუსტებას საჭიროებს სანაყაროების განთავსება მდინარე თერგის წყალდაცვით ზოლში. ასევე დახარვეზების ერთ-ერთ მიზეზად არის დასახელებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, სადაც არ არის მოცემული რაიონის ტექტონიკის ნაწილი, ასევე, ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური დარაიონება. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით აღნიშნული საკითხიც საჭიროებს დაზუსტებას.

„გთხოვთ, ორი თვის ვადაში უზრუნველყოთ წინამდებარე შენიშვნების გათვალისწინებით დაზუსტებული/დამატებითი ინფორმაციის სააგენტოში წარმოდგენა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

სად გაივლის სტეფანწმინდის შემოვლითი გზა

 

როგორც ცნობილია, სტეფანწმინდის შემოვლითი გზის სიგრძე 4.13 კილომეტრს შეადგენს და ის ჩრდილოეთით სტეფანწმინდა-ლარსის 4.5-კილომეტრიან ახალ მაგისტრალს დაუკავშირდება, რომელიც რუსეთის ფედერაციის საზღვართან დასრულდება.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა იწყება მცხეთიდან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის E60 ავტომაგისტრალიდან და მთავრდება ლარსის სასაზღვრო პუნქტთან. კონკრეტულად სტეფანწმინდის შემოვლითი გზა დაიწყება სოფელ ფანშეტიდან, შემდეგ უხვევს მარცხნივ გადის ახალი მიმართულებით, კვეთს მდინარე თერგს და შემდეგ მიყვება თერგის მარცხენა სანაპიროს.

პროექტის მიხედვით, პკ 40-დან პკ 44-მდე გადის ბუჩქნარით დაფარულ ტერიტორიაზე. პკ 44-დან პკ 62-მდე გადის დაუსახლებელ ტერიტორიაზე (საძოვრები), ხოლო პკ 62-დან პკ 69-ის მონაკვეთში გადის მდ. თერგის კალაპოტში და პკ 69-დან ტრასის ბოლომდე გადის სოფელ გერგეტში, მის მარჯვენა მხარეს.

„აღნიშნული მონაკვეთი გადის რთულ რელიეფში, მდინარე თერგის ვიწრო ხეობაში, რომელიც ორივე მხრიდან შემოსაზღვრულია მთებით“, – აღნიშნულია გზშ-ს ანგარიშში.

gzaa-1758006840.jpg

პროექტის თანახმად, სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობა განპირობებულია იმით, რომ არსებული გზა ვერ აკმაყოფილებს ტექნიკურ სტანდარტებს.

„პროექტის განხორციელების საჭიროება განაპირობა არსებული გზის ტექნიკურმა მდგომარეობამ, კერძოდ, დასახლებულ პუნქტებში გამავალი ავტომანქანები იწვევს მუდმივ ხმაურს, ჰაერის დაბინძურებას, ხშირია საგზაო შემთხვევები, არ არის დაცული ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება, გზის არსებული პარამეტრები არ აკმაყოფილებს გაზრდილ სატრანსპორტო მოთხოვნებს. გზის განთავსების დერეფნის კლიმატური პირობების გამო, ზამთარში გზაზე გადაადგილება კიდევ უფრო რთულდება“, – აღნიშნულია საპროექტო დოკუმენტებში.

პროექტის მიხედვით, ადგილზე დაგეგმილია ორზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა. ამასთანავე, დოკუმენტი ითვალისწინებს 3 ხიდის მშენებლობას. აქედან ერთი ხიდი სამზოლიანი, ხოლო ორი – ორზოლიანი იქნება. ტრასის ჯამური სიგრძე 4.13 კმ, ხოლო საანგარიშო სიჩქარეა 60 კმ/სთ.

11-1751890131.jpg

რაც შეეხება სტეფანწმინდა-ლარსის 4.5-კილომეტრიან ახალ მონაკვეთს, მას ჩინური China Railway Tunnel Group Co., LTD. ააშენებს. აღნიშნულ კომპანიასთან 212 548 390 ლარის ღირებულების კონტრაქტი 2024 წლის ოქტომბერში გაფორმდა.