ჩარლი კირკის მკვლელობას დემოკრატები და აქტივისტები მიესალმებიან – მჯერა, რომ არსებობს სერიოზული სახსრები, რომლებიც განხეთქილებისა და ძალადობის გავრცელებისკენაა მიმართული, ეს ფული თვალთვალისა და სამართლებრივი დევნის საგანი უნდა იყოს – სენატორი კრუზი

სენატის იურიდიულ კომიტეტში ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის მოსმენა გაიმართა. FBI-ის დირექტორს კანონმდებლებმა კითხვები დაუსვეს ჩარლი კირკის მკვლელობის გარემოებების გამოძიების შესახებ.

რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა აღნიშნა, რომ კირკი პოლიტიკური შეხედულებების გამო მოკლეს და თქვა, რომ ამას ბევრი მემარცხენე ზეიმობდა, რასაც მიესალმებოდნენ დემოკრატები და აქტივისტებიც. კრუზმა FBI-ის შეფს იმ სახსრების წარმომავლობის გამოძიებისკენ მოუწოდა, რომლითაც, მისი თქმით, ძალადობრივი პროტესტი ფინანსდება.

“დაფინანსების აკრძალვის კანონის მიხედვით, ეს ფული უნდა იყოს თვალთვალისა და სამართლებრივი დევნის საგანი”, – აღნიშნა კანონმდებელმა.

მისივე თქმით, სჯერა, რომ არსებობს “სერიოზული სახსრები”, რომლებიც განხეთქილებისა და ძალადობის გავრცელებისკენაა მიმართული.

“მინდა შევეხო გასული კვირის მოვლენებს. ჩარლი კირკი მოკლეს, ის საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო მოკლეს. მკვლელობების შემდეგ, ჩვენ ვნახეთ, რომ ამას ბევრი მემარცხენე ზეიმობდა. ვნახეთ, თუ როგორ მიესალმებოდნენ ამას დემოკრატები და აქტივისტები. აგრესიული ქცევა, რომელიც მუქარას წარმოადგენს, ახორციელებს დევნას, ზიანს აყენებს ან რიგ შემთხვევაში, კლავს. კონსტიტუციის პირველი შესწორებით დაცული არ არის, ამიტომ FBI-ის თანამშრომლებს, რომ ყურადღება გაამახვილოთ ამ ქცევაზე. მოგიწოდებთ გამოძიებისკენ ყველას წინააღმდეგ, ვინც წააქეზა და ხელი შეუწყო. მინდა, მოგიწოდოთ, მიჰყევით ფულს. ის ძალადობა, რომელსაც ვაკვირდებით, ბუნებრივი არ არის. მჯერა, რომ არსებობს სერიოზული სახსრები, რომლებიც განხეთქილებისა და ძალადობის გავრცელებისკენაა მიმართული. დაფინანსების აკრძალვის კანონის მიხედვით, ეს ფული უნდა იყოს თვალთვალისა და სამართლებრივი დევნის საგანი,” – აცხადებს ტედ კრუზი.