„ეს იყო რუსეთის მხრიდან, შავი ფულით ექსპანსია, რომელიც „ფეესბეს“ წარმატებული სპეცოპერაცია გამოდგა საქართველოში“ , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.
საუბარია, გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამ დროისთვის ბრალდებულის ვინაობა უცნობია.
როგორც გია ხუხაშვილმა აღნიშნა, ეს არის რუსული შავი ფული, რომლის საქართველოში ლეგალიზება, როგორც ეროვნული ბანკის, ისე კომერციული ბანკების და ზოგადად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
„მე ჩემს ბლოგშიც არაერთხელ მითქვამს, რომ მიმდინარეობს ძალიან მასშტაბური, უპრეცედენტო ფულის გათეთრების ოპერაცია. ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვწერდი. ეს აბსოლუტურად თვალსაჩინო იყო და გეტყვით რატომ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რაც რუსეთს აღმოჩნდა ეკონომიკური იზოლაციის პირას, რუსეთიდან წამოვიდა შავი ფულის ძალიან დიდი მასა საქართველოსკენ. მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და ამას სჭირდებოდა სერიოზული კონტროლი. მათ შორის, ეროვნული ბანკის რეგულაციების გამკაცრება და ა.შ.
დავიწყებ იქიდან, რომ ეს არის რუსული ფული, რუსული კრიმინალური ფული, რუსული სპეცსამსახურების სალარო. როგორ მოხვდა ეს ლეგალურ სივრცეში – ვიღაცას უნდა ახლა ეს წარმოაჩინოს, რომ თითქოს სავალუტო ჯიხურის მეშვეობით მოხდა, რაც სრული აბსურდია. მე ვფიქრობ, პასუხისმგებლობა ამ ოპერაციაზე, ეროვნულ ბანკზე ეკისრება. იმიტომ, რომ მისი ფუნქცია არის ასეთი ოპერაციები აკონტროლოს. მის კონტროლს მიღმა ასეთი ფულის ლეგალიზაცია ვერ დარჩებოდა. მე ვფიქრობ, კომერციული ბანკებიც მონაწილეობენ ამ ყველაფერში. როდესაც რუსეთიდან ჩემოდნებით მოაქვს ვიღაცას ფული და ანგარიშებს უხსნიდნენ უპრობლემოდ. ბოლო დროს თითქოს კითხვების დასმა დაიწყეს ფულის წარმომავლობაზე, მაგრამ თავიდან სრული ბაკქანალია იყო ამასთან დაკავშირებით. მე ვეკითხები ეროვნულ ბანკს, რატომ არ მოხდა საქართველოში ბანკებში ანგარიშების გახსნის რეგულირება? 600 მლნ ვიღაცამ ჯიხურში რომ გაატარა და ჯიხურის საშუალებით ლეგალიზება მოხდა, ესეც რომ მომხდარიყო, ლეგალიზების პროცესი ეროვნული ბანკის ინფორმაციაში ხომ ხვდებოდა, ყურადღება არავინ მიაქცია ამას?!.
„ორივეს პასუხისმგებლობაა [კობა გვენეტაძის და ნათია თურნავას] და არა მარტო მათი. შესაბამისი ვიცე პრეზიდენტების, დეპარტამენტის უფროსის, ვისაც ევალება ამის კონტროლი. მე კომერციულ ბანკებს ვეკითხები, არ იხსნებოდა ანგარიშები და “ქეშად” მიტანილი თანხა არ იდებოდა ამ ანგარიშებზე? და მერე ამ ფულით უძრავი ქონების შეძენა და სხვა ეკონომიკური აქტივობის განხორციელება რუსეთის მოქალაქეების მხრიდან? თითქმის ყველა ბანკში იქნება ეს ნაგავი… ეს იყო ეკონომიკური ექსპანსია რუსეთის მხრიდან, შავი ფულით ექსპანსია, რომელიც „ფეესბეს“ წარმატებული სპეცოპერაცია გამოდგა საქართველოში. ბუნებრივია, ხელისუფლება საქმის კურსში იყო, შეუძლებელია ხელისუფლების გარეშე ასეთი ოპერაციების კეთება. მათ შორის ისინიც, ვინც დღესაც ხელისუფლებაში არიან.
მოხდა ხელისუფლების სრული კრიმინალიზაცია, რა თქმა უნდა, ამ სპეცოპერაციას ჰქონდა თავისი კრიმინალური განზომილება, მაგრამ ამასთანვე ჰქონდა პოლიტიკური განზომილება. ხელისუფალმა თქვა, მოდის ეს შავი ფული, კი ბატონო, შემოვიდეს, რა ჯობია. ჩვენც ეკონომიკური პრობლემები გვქონდა იმ პერიოდში და მოხდა არაფორმალურად ლეგიტიმაცია ამ დიდი სიბინძურის. მოხდა რუსული, შავი, კრიმინალური ფულის გათეთრება საქართველოში. ახლა ფიგურანტები ვინ არიან, საერთოდ არ არის საინტერესო. ფაქტი ის არის, რომ ამაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება ყველა შესაბამისი უწყებით“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.