„ვცდილობთ, მთავრობას დავანახოთ, რომ საჭიროა ცვლილებები…“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტ დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა და საყოველთაო და კერძო დაზღვევაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წლიდან გააუქმა ე.წ დაშენებული, შემავსებელი სადაზღვევო პაკეტები. შედეგად, მოქალაქეს, რომელიც კერძო დაზღვევით სარგებლობას გადაწყვეტს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის საშუალება აღარ აქვს.
დევი ხეჩინაშვილი აღნიშნავს, რომ ეს მიდგომა არასახარბიელოა როგორც პაციენტებისთვის, ასევე თავად სახელმწიფოსთვისაც. მისი თქმით, საჭიროა ამ შეზღუდვის აღმოფხვრა და „დაშენების“ სისტემის დაბრუნება.
„ერთადერთი დარგი, სადაც რეალურად დიდია მოთხოვნა, ეს არის სამედიცინო დაზღვევა, 750 ათასი ადამიანია დაზღვეული იმ ფონზეც კი, როცა საქართველოში დღემდე არსებული წესებით, სამწუხაროდ, ადამიანი, რომელიც შრომობს და დოვლათს ქმნის, გადაწყვეტს კერძო დაზღვევას, კარგავს საყოველთაო დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას. ეს არის ძალიან ცუდი მიდგომა და ვცდილობთ, მთავრობას დავანახოთ, რომ საჭიროა ცვლილებები, რადგან ეს მიდგომა არასახარბიელოა პაციენტებისა და თავად სახელმწიფოსთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ზედმეტი ფულის ხარჯვა უწევს ბიუჯეტიდან.
საშური საქმე არის, სამედიცინო სერვისების წინასწარ შეთანხმებული ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის (ზოგისთვის ბიუჯეტის ხარჯზე, ზოგი დამსაქმებლის ხარჯზე, ზოგიც საკუთარი ხარჯებით). სტანდარტიზების პროცესი უნდა მოხდეს, მაგრამ როგორ მოხდება, გაურკვეველია – არანაირი რეალური კონტურები არ აქვს ამ საკითხს ახლა. ჩვენ გვაქვს მარტივი ამოცანა მთავრობასთან და ჯანდაცვასთან, რომ 2017 წლის შეზღუდვა, რომელიც კერძო დაზღვევის ყიდვის შემთხვევაში საყოველთაოს დაკარგვას იწვევს, აღმოიფხვრას და დაშენება გახდეს შესაძლებელი. ამის შემდეგ უნდა იყოს სერიოზული განხილვა იმაზე, რომ სწორი ხომ არ იქნება რომ გადავიდეთ სავალდებულო დაზღვევის რაიმე სისტემაზე“, – აღნიშნავს დევი ხეჩინაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის 6 თვის განმავლობაში პირდაპირი დაზღვევის (კერძო) საქმიანობიდან მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 802 მილიონი ლარი შეადგინა. ანგარიშის მიხედვით, ამავე პერიოდში მზღვეველების სადაზღვევო მოგება 162 მლნ ლარს გაუტოლდა, წმინდა მოგებამ კი 56 მლნ ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში მოზიდული სადაზღვევო პრემიაში ყველაზე დიდი წილი უკავია სამედიცინო დაზღვევებს. კერძოდ, ამ პერიოდში 9.7%-იანი წლიური ზრდა აჩვენა სამედიცინო დაზღვევის პრემიებმა და 374.6 მილიონ ლარს მიაღწია (2024 წლის 6-თვეში 341.44 მლნ ლარი იყო).
ამავე სტატისტიკის მიხედვით, კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს. 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, სამედიცინო დაზღვევაზე 765 812 პოლისია გაცემული