„700 მლნ ლარი იფლანგებოდა, კატასტროფაა – ვიღაცები იყვნენ გაფორმებული და მუქთად იღებდნენ ხელფასს“

როგორც რომან გოცირიძემ “პალიტრანიუსისა” და რადიო “პალიტრას” გადაცემაში “საქმე” განაცხადა, ეს იყო პოლიტიკური შინაარსის ქვეტექსტები და მინიშნება, რომ ღარიბაშვილის მთავრობა იპარავდა ამ თანხას.

“700 მლნ ლარი იფლანგებოდა. გაფლანგვა ნიშნავს – არ მოიხმარებოდა მიზნობრივად, გაფლანგვა ნიშნავს – მოპარვას, ვიღაცები იპარავდნენ, გაფლანგვა ნიშნავს, ნათესავების, მეგობრების, ახლობლების, ყოფილი მინისტრების, ჩამოწერილი ჩინოვნიკებისა და ათასობით ადამიანის გაფორმებას ამ უწყებებში. 350-მდე სახელმწიფო საწარმოა, აქედან ასეული მილიონი ლარის ბრუნვის მქონე, ანუ ბობოლა საწარმოები, ეს არის: რკინიგზა, ელექტროგადაცემა, ელექტროგადამცემი ხაზები, გაზის სექტორი, გაზის ტრანსპორტირების კორპორაცია, გაზისა და ნავთობის კორპორაცია, სადაც ჩინოვნიკების მთელი სანათესავო არის დასაქმებული, გარდაბნის თბოელექტროსადგური, ჰესები და ა.შ კობახიძემ – აი, ამ ბობოლა სექტორში ყველა წამყვანი პირები დავხსენიო და მხოლოდ ერთი მიმართულებითო ( რკინიგზას არ ახსენებს), ენერგეტიკის, დავზოგეთ 22 მლნ ლარის ხელფასიო. ანუ ვიღაცები იყვნენ გაფორმებული და მუქთად იღებდნენ 22 მლნ ლარის ხელფასს.

კობახიძემ, გარდა ამ 22 მლნ ლარისა, სახელმწიფო საწარმოებში 2 მუხლი ახსენა, ტენდერები და მომსახურება. ბოლო 1 წელიწადში დავზოგეთ 348 მლნ ლარიო. კატასტროფაა. და, მერე ჩაურტყა, რომ ღარიბაშვილის მთავრობა იპარავდა ამას. ამას პოლიტიკური ქვეტექსტები აქვს, იმიტომ, რომ ის წინა მთავრობასთან შედარებით, თავისი მთავრობის დაზოგილ ფულს ითვლის, ოღონდ, ეს დაზოგილი ფული არ გვინახია თვალით. ეს 700 მლნ უკან ჩავაბრუნეთო, ანუ უკვე სხვები იპარავენ ამას. ანუ, რა გავაკეთეთო, მომსახურება, რომელიც არის მანქანები, რბილი ავეჯი, კაბინეტები, თანაშემწის ინსტიტუტები გავაუქმეთო. 50 სახელმწიფო საწარმოში რომ 2 მრჩეველი, ყოფილი მინისტრი ან დეპუტატი დანიშნო, ეს უკვე ათასამდეა და ამ დროს ხელფასები ოთხი-ხუთი-შვიდი ათასები აქვთ”, -განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ როგორც პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ოპტიმიზაციის შედეგად, ყველა სახელმწიფო საწარმოში ჯამურად, წლიურ ჭრილში, 700 მლნ ლარის ეკონომია გაკეთდა, რაც ჩაბრუნდება შესაბამისი სახელმწიფო საწარმოების განვითარებაში. კობახიძის თქმით, ეს პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე.