ხაბეიშვილმა გამოსავალი ნახა – თავის მომხრეებს ხმა მღვდლის საშუალებით მიაწვდინა. რას ამბობს არქიმანდრიტი დოროთე

როგორც ცნობილია, მართლმსაჯულების სისტემამ ლევან ხაბეიშვილს აუკრძალა ციხიდან საჯარო განცხადებების გაკეთება და გავრცელება. მისი მონახულების შესაძლებლობა შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, დღეს გავრცელდა ხაბეიშვილის პოლიტიკური მესიჯები – ბოლო დროს ოპოზიციის მხარდაჭერით ცნობილი მღვდლის, დოროთე ყურაშვილის მეშვეობით. უცვლელად გთავაზობთ “ინტერპრესნიუსზე” გამოქვეყნებულ ინფორმაციას:

არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა რუსთავის ციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მოინახულა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ლევან ხაბეიშვილმა უთხრა, რომ მხნედ არის და „პატიმრობის არაფერი ეტყობა“.

„ვიყავი ლევანთან შესული, ვაზიარე. რაც ხალხთან დამაბარა არის ის, რომ ძალიან მხნედ არის, „პატიმრობის არაფერი მეტყობა“, ეს გადაეცით ხალხსო. გულისთქმის გამო რომ არის დაჭერილი, ეს გასაგებია, მაგრამ ამის იქით კიდევ ის არის პრობლემა, რომ კომუნიკაციას უკრძალავენ ოჯახთანაც, საზოგადოებასთან, ტელეფონს არ აძლევენ, წერილის წერის უფლებას არ აძლევენ. ჩემი აზრით, ასე ადამიანის დატყვევება ძალიან მძიმე მდგომარეობაა, თუმცა მან მითხრა, ვიცი, რატომ აკეთებენ და არ განვიცდიო, ჩემთვის ის უფრო დიდია ის, რასაც ვაკეთებ, ვიდრე ამ წუთას კომუნიკაციაო. ვფიქრობ, ლევანის ტყვეობა უფრო მეტს ამბობს თავისუფლებაზე, ვიდრე ლევანის თავისუფლებაში ყოფნა, ეს ლევანმაც იცის და ხალხიც ხედავს. ამ იმედებით არის ლევანი, რომ ხალხი ყველაფერს ხედავს“, – განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილთან 4 ოქტომბერთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„არა მხოლოდ მე, არამედ ჩემს ირგვლივ ვინც არის, ყველა დაფიქრდა 4 ოქტომბერზე. ხალხი, რომელიც ადრე სკეპტიკურად უყურებდა, 4 ოქტომბერი ყველასთვის მნიშვნელოვანი გახდა. არ ვიცი რამდენად დამთავრდება 4 ოქტომბერს ყველაფერი, მაგრამ რომ დაიწყება, ეს ფაქტია“,- განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.

მისი შეფასებით, ლევან ხაბეიშვილი უსამართლოდ არის დაკავებული.

„ლევანს არაფერი გაუკეთებია ისეთი, რის გამოც მას ზიარება უნდა აეკრძალოს. ამიტომ, კვირაში ერთხელ ან 2 კვირაში ერთხელ აუცილებლად შევალ და ვაზიარებ. ეს შეხვედრა გარეთ რომ იყოს, ტაძარში რომ მოვიდეს და იქ ეზიაროს, მირჩევნია. იმედი მაქვს, ასე იქნება, გონს მოვლენ და არა მხოლოდ ლევანს, უსამართლოდ დატყვევებულებს გაათავისუფლებენ. თუმცა, ლევანის ბრალდებაც უსამართლოა, საერთოდ არსად რომ არ წერია, ისეთია ადამიანი სიტყვის და დანაპირების გამო ციხეში გაუშვა. ასეთი რამ არსად ხდება“,-განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.

მისი განმარტებით, ლევან ხაბეიშვილმა უთხრა, რომ ციხეში ცუდად არ ექცევიან.

„ლევანმა მითხრა, რომ ზედამხედველები არავინ არის ცუდად განწყობილიო. არავინ თავის მოვალეობას არ აჭარბებს და ყველა ექცევა ისე, როგორც ადამიანს უნდა ექცეოდნენო“,-განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.