ექსპორტში რუსეთის წილი იზრდება – რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩრდილო მეზობელ ქვეყანაში

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში იზრდება. შედეგად, მთავარი საექსპორტო ქვეყნების ათეულში ცვლილებებია. თუ მანამდე საექსპორტო ქვეყნების ტოპ-სამეული ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი იყო, 2025 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით, რუსეთმა მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო აზერბაიჯანი მე-4 ადგილს იკავებს.

უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (943.1 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (572.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (480.7 მლნ. აშშ დოლარი).

რაც შეეხება ზოგადად სავაჭრო პარტნიორებს, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1.989 მლრდ აშშ დოლარი), აშშ (1.863 მლრდ აშშ დოლარი) და რუსეთი (1.705 მლრდ აშშ დოლარი).

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ამასთანავე, რას ვყიდით რუსეთში, სადაც ექსპორტის მონაცემი გაზრდილია.

წელს იანვარ-აგვისტოში რუსეთში ექსპორტირებული ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები – 103.308 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 91.870 მლნ აშ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები – 51.065 მლნ აშშ დოლარი
  • ნაყოფები სხვა, ახალი – 43.457 მლნ აშშ დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 37.418 მლნ აშშ დოლარი
  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული – 36.102 მლნ აშშ დოლარი
  • გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო, ახალი – 28.243 მლნ აშშ დოლარი
  • კარტოფილი, ახალი ან შეყინული – 20.545 მლნ აშშ დოლარი
  • ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში – 15.852 მლნ აშშ დოლარი
  • ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი – 6.740 მლნ აშშ დოლარი

რუსეთიდან იმპორტირებული ტოპ-10 პროდუქტი:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 356.542 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა – 137.485 მლნ აშშ დოლარი
  • ხორბალი და მესლინი – 49.963 მლნ აშშ დოლარი
  • მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც გამოყენებელია ტემპერატურის ცვლილება – 31.075 მლნ აშშ დოლარი
  • ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან – 29.092 მლნ აშშ დოლარი
  • ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები – 27.360 მლნ აშშ დოლარი
  • ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები – 25.265 მლნ აშშ დოლარი
  • ღორები ცოცხალი – 24.271 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.% ან მეტი – 21.618 მლნ აშშ დოლარი
  • კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა – 21.549 მლნ აშშ დოლარი