ჩინეთის საგარეო უწყება: ღაზა ეკუთვნის პალესტინელ ხალხს და პალესტინის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია

ჩინეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ღაზის სექტორი პალესტინის განუყოფელი ნაწილია. აღნიშნულის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გო ციაკუნმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ღაზა ეკუთვნის პალესტინელ ხალხს და წარმოადგენს პალესტინის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს. ჩინეთი მიიჩნევს, რომ არსებულ პირობებში უკიდურესად მნიშვნელოვანია ღაზაში ცეცხლის ყოვლისმომცველი შეწყვეტის ხელშეწყობა და ჰუმანიტარული კატასტროფის შემსუბუქება“, – განაცხადა გო ციაკუნმა.

მისივე თქმით, „ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და მდგრადი მშვიდობის დამყარება შეესაბამება როგორც პალესტინელი, ისე ისრაელელი, ასევე ახლო აღმოსავლეთის ხალხთა საერთო მისწრაფებებს“.

ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იმ ქვეყნებმა, რომელთაც „განსაკუთრებული გავლენა“ აქვთ ისრაელზე, „ეფექტურად უნდა შეასრულონ ვალდებულებები“. მისივე განცხადებით, აუცილებელია შემდეგი პრინციპების დაცვა: „პალესტინა უნდა მართონ პალესტინელებმა“ და „ორი სახელმწიფო ორი ხალხისთვის“.

ჩინელმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ პალესტინის საკითხზე აუცილებელია საერთაშორისო კონსენსუსის შენარჩუნება და ცალმხრივ გადაწყვეტილებებზე უარის თქმა.

„მშვიდობის მიღწევა ძალის გამოყენებით შეუძლებელია, უსაფრთხოება, არ შეიძლება, იყოს უზრუნველყოფილი ძალადობით“, – განაცხადეს ჩინეთის საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის, ისრაელი 2023 წელის ოქტომბრიდან, „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს ღაზის სექტორში. 21 სექტემბერს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ განაცხადებს ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ. მოგვიანებით ანალოგიური გადაწყვეტილება გამოაცხადა პორტუგალიამაც.