ბოლო დროს, სოციალური ქსელები მოიცვა სკანდალმა, რომლის მთავარი გმირიც მოსკოვში მცხოვრები ქართველი თამარ სალიაა. Telegram-არხებში გავრცელებულ ვიდეოში ის რუსების მისამართით მწვავე განცხადებებს აკეთებს, რასაც შემდგომში საჯარო ბოდიშის მოხდა და ახსნა-განმარტებები მოჰყვა.
-
რა მოხდა სინამდვილეში?
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო, რომელსიც სალია ამბობს, რომ რუსები “უვარგისები“ არიან და “კლავდნენ ქართველებს, კლავენ უკრაინელებს და ამით კაიფობენ“. ის რუსებს “ხელიდან წასულებად” მოიხსენებს. ვიდეოს აღწერაში ეწერა, რომ ის მოსკოვის ქართულ რესტორან “საფერავში“ მუშაობდა. ეს ვიდეო სწრაფად გავრცელდა და დიდი რეზონანსი გამოიწვია.
-
“საფერავის“ განცხადება
სკანდალის გამო, რესტორან “საფერავის“ ხელმძღვანელობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ თამარ სალია მათთან 2023 წლის მარტიდან აღარ მუშაობს. ასევე, განმარტეს, რომ ვიდეო რამდენიმე წლის წინ არის გადაღებული. რესტორანმა ამ ფაქტს “შოკისმომგვრელი“ უწოდა და განაცხადა, რომ ყოფილი თანამშრომლის ქმედებებისთვის სამართლებრივი შეფასების მისაცემად სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.
განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ სალიას ნათქვამი არ გამოხატავს კომპანიის პოზიციას და რომ დაწესებულების თანამშრომლებსა და თანამფლობელებს შორის “რუსული სისხლიც ურევიათ“. “ჩვენი თანამფლობელი ორივე ბებია რუსია, ის რუსმა ბებიამ აღზარდა რუსეთში და იცის მხოლოდ რუსული ენა. ხოლო თანამფლობლის მშობლები რუსულ მიწაზე არიან დაკრძალულები“. ამ განცხადებებით, რესტორანმა სცადა, დისტანცირება მოეხდინა სალიას განცხადებებისგან და “შეენარჩუნებინა” რეპუტაცია. რუსული წყაროების თანახმად, მოსკოვში მდებარე “Saperavi Café“-ს მფლობელები ხათუნა ყოლბაია და თენგიზ ანდრიბავა არიან. ისინი აღწერაში ქართული სამზარეულოს რეფორმატორებად არიან მოხსენიებულები, რომლებიც ცდილობენ აღადგინონ დავიწყებული რეცეპტები და წარმოადგინონ კერძები თანამედროვე, ევროპული სტილით.
-
თამარ სალიას ბოდიში და ახსნა-განმარტება
რამდენიმე დღის შემდეგ, სააგენტო “რეგნუმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თამარ სალია თავად მივიდა პოლიციაში. მან საჯარო ბოდიში მოიხადა და საკუთარი ნათქვამი განმარტა. მისი თქმით, ვიდეო გადაიღო კოლეგამ მას შემდეგ, რაც მან უცენზუროდ გამოხატა აზრი ქართველების მიმართ. სალიამ კი საპასუხოდ იგივე თქვა რუსებზე.
პოლიციის განყოფილებაში დაფიქსირებულ ვიდეოში, სალია ყველას წინაშე ბოდიშს იხდის, ვისაც მისი სიტყვები შეეხო: მეგობრების, მეზობლებისა და მთლიანად საზოგადოების წინაშე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ უნდოდა და თქვა: “მე ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს რუსებთან, ბევრი მეგობარი მყავს… ჩვენ ერთი კულტურა, ერთი სარწმუნოება გვაქვს…” სალიამ დასძინა, რომ მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.