ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამის ერთი წლის შედეგები შეაჯამა. ამ ხნის განმავლობაში დამტკიცდა 1200-ზე მეტი სესხი, რომელთა ჯამური მოცულობა 60 მლნ ლარამდეა. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციით კი დამატებით 2,643 სამუშაო ადგილი შეიქმნა.
პროგრამა ხელს უწყობს მიკრო მეწარმეობის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სამეწარმეო პოტენციალის ზრდას. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მეწარმეები, ქალი მეწარმეები და დამწყები მეწარმეები. ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია და წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. მხარდაჭერის პერიოდი მაქსიმუმ 5 წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
პროგრამის წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა სააგენტოს კიდევ ერთმა სიახლემ – რეგიონულმა საკონსულტაციო ცენტრებმა. სააგენტოს რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრები უკვე ფუნქციონირებს საქართველოს 6 ქალაქში – ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში, ახალციხეში, ბათუმსა და თბილისში.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.