ეროვნულ ბანკს სარეზერვო ფონდის თანხის განკარგვის უფლებამოსილება. ამის შესახებ კანონპროექტი უკვე მომზადებულია, რომლის ავტორი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე და კიდევ 11 დეპუტატია.
უფრო კონკრეტულად, ცვლილებები შედის “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, რომლის მიხედვითაც, სებ-ის საბჭოს აღარ ექნება საშუალება თვითნებურად მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან მთავრობისთვის ფინანსური რესურსების გამოყოფის თაობაზე.
„გაუქმდება ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილებას საფინანსო სისტემის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის, ასევე ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდში არსებული თანხების განაწილების შესახებ,“ – ვკითხულობთ კანონპროექტში.
ამასთან, პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ სარეზერვო ფონდთან დაკავშირებული საკითხი 2023 წელს სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაციაც იყო. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებით რეკომენდაციის გათვალისწინებაც ხდება.
“გასათვალისწინებელია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2023 წელს შეიმუშავა ტექნიკური დახმარების ანგარიში, რომელში ასახული ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ შეზღუდულიყო ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილება, სარეზერვო ფონდში არსებული თანხების განაწილების შესახებ”, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ცვლილებების მიზანია ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების დაზუსტება და დახვეწა.