ხელჩართული ბრძოლა ქალ ფეხბურთელებს შორის საქართველოს ჩემპიონატზე, რომელშიც გულშემატკივარიც ჩაერთო. შემთხვევა 21 სექტემბერს, “ლანჩხუთისა” და “ნიკე-ლუსოს” მატჩისას მოხდა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის დიღმის ბაზაზე გაიმართა. მატჩი ლანჩხუთელთა დამარცხებით დასრულდა, ანგარიშით 1:2.
დაპირისპირება მატჩის მიწურულს დაიწყო. ოფიციალური ოქმით, მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა სილმარის სმიტ-პაუელს (“ლანჩხუთი“) და ნინო ბუხრიკიძეს (“ნიკე-ლასო“). მომხდარზე სოციალურ ქსელში დაწერა საფეხბურთო კლუბ “ლანჩხუთის“ ფეხბურთელმა, ანანო წიქარიძემ.
“ვინც არ იცით, 16 წლის ფეხბურთელი ვარ, საფეხბურთო კლუბ “ლანჩხუთში“ ვთამაშობ. ფეხბურთის ფედერაციის დიდი დიღმის სტადიონზე “ნიკე-ლუსოსთან“ ვითამაშეთ.
მატჩის დასრულებისას ინციდენტი მოხდა ფეხბურთელებს შორის, რომელშიც მე პირადად არ ვმონაწილეობდი. ამ დროს ტრიბუნიდან ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შემოვარდნენ “ლუსოს“ გულშემატკივრები, რომლებიც ჩხუბში ჩაერთნენ. ერთ-ერთი გულშემატკივარი უცებ შემომატრიალა და სახეში მუშტი დამარტყა.
ვის ევალებოდა ჩვენი დაცვა? ასე შეიძლება, რომ მაყურებელმა ფეხბურთელს, მით უმეტეს, არასრულწლოვანს, თან ქალს, ზიანი მიაყენოს. ეს არის ყოვლად გაუგონარი ფაქტი. მე უკვე ვეღარ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ და ჩვენი უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს.ამ ფაქტის ასე დატოვება არ შეიძლება. ძალიან გთხოვთ, ვისაც ეს ევალება, გაატაროს შესაბამისი ღონისძიება, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს“, – წერს გოგონა, რომელიც მიღებული დაზიანებისლებს ფოტოებსაც ავრცელებს.
მომხდარ კონფლიქტზე ორივე კლუბმა განცხადება გაავრცელა.
-
“ლანჩხუთის“ განცხადება:
“მატჩში დაფიქსირდა სამწუხარო ფაქტი – მოედანზე შემოჭრილმა “ნიკე-ლუსოს“, ჩვენი შეცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გულშემატკივრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “ლანჩხუთის“ ფეხბურთელებს. დაზიანება მიიღო ასევე არასრულწლოვანმა ანანო წიქარიძემ, რაც ვიზუალურადაც თვალსაჩინოა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებმა მოედანზე შემოსვლა დაიწყეს საფინალო სასტვენამდე. გვინდა, ჩვენს მეტოქეებს შევახსენოთ, რომ ფეხბურთში კრივისგან განსხვავებული წესები მოქმედებს – ქალების და ბავშვების ცემით ჩემპიონობა არ მიიღწევა.
გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო უზრუნველყოფილი ფეხბურთელთა უსაფრთხოება, მათ შორის არასრულწლოვანების ფიზიკური უსაფრთხოება, კლუბი მიმართავს რეგულაციებით გათვალისწინებულ ყველა ზომას, მათ შორის მატჩის შედეგის გაუქმების მოთხოვნას და შესაბამისი პასუხისმგებლობების დაკისრებას“.
-
“ნიკე-ლუსოს“ განცხადება:
“ლანჩხუთთან“ გამართულ შეხვედრაში დაფიქსირდა სამწუხარო და მიუღებელი ფაქტი. მატჩის დასრულებისთანავე, მსაჯის საბოლოო სასტვენის შემდეგ “ლანჩხუთის“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს მოთამაშეს, რამაც გამოიწვია დაძაბულობა მოედანზე.
მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების კუთხით ჩვენმა კლუბმა ქალთა ლიგისთვის უპრეცედენტო ზომები მიიღო, ორივე გუნდის გულშემატკივარმა მატჩის დასრულების შემდეგ მაინც შეძლო მოედანზე შესვლა, რაც დროში თანმიმდევრული იყო ინციდენტთან.
ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, პროვოკაციასა და აგრესიას როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ფეხბურთი არის სპორტი, რომელიც უნდა აერთიანებდეს და დადებით ემოციებს უღვივებდეს როგორც ფეხბურთელებს, ისე გულშემატკივრებს. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება და საფეხბურთო გარემო დარჩება სამართლიანობის, სპორტულობისა და ურთიერთპატივისცემის სივრცედ.
ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს მეტოქე გუნდის ფეხბურთელზე განხორციელდა მიზანმიმართული ძალადობა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენს ვიდეო და ფოტომასალაში მსგავსი შემთხვევა არ ფიქსირდება. ყველა მასალა გადაეცემა ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის უწყებებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ძალადობას“.