მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიაზე წარადგინეს

„ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი, დაკავებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიაზე წარადგინეს.

მზია ამაღლობელის კანდიდატურა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა და განვითარების კომიტეტებისა და ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის ერთობლივ სხდომაზე ევროპარლამენტმა რასა იუკნევიჩიანემ, მისი და კიდევ 60 ევროპარლამენტარის სახელით წარადგინა.

რასა იუკნევიჩიენეს თქმით, მზია ამაღლობელისა და საქართველოს პროდემოკრატიული საპროტესტო მოძრაობისთვის სახაროვის პრემია სიმბოლურ ჯილდოზე მეტი იქნება.

„ჟურნალისტები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, ნამდვილი ევროპული ღირებულებების სიმბოლოები არიან. სწორედ ამას წარმოადგენს სახაროვის პრემია. მზია ამაღლობელისა და ქართველი ხალხის კანდიდატურა ყველა მთავარი პოლიტიკური ჯგუფის მიერ იქნა წარმოდგენილი. ჩვენს კანდიდატურას, ორ დღეზე ნაკლებ დროში, 66-მა წევრმა დაუჭირა მხარი“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

წარდგენას წინ უძღოდა ვიდეო მასალა, რომელშიც ასახული იყო პროევროპული საპროტესტო აქციების დაშლის კადრები და კადრები მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან.

სახაროვის პრემიაზე, რომელიც ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოა, მზია ამაღლობელის გარდა კიდევ 7 კანდიდატი წარადგინეს.

სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ დაარსდა. ჯილდო ყოველწლიურად ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების, დემოკრატიის განვითარება და კანონის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის და უმცირესობის უფლებების დაცვის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა.