ყაზახი მილიარდერი, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა, საქართველოში ბანკის გახსნას გეგმავს – Forbes.kz

ყაზახეთის უმდიდრესი ადამიანი ტიმურ ტურლოვი საქართველოს საფინანსო ბაზრით დაინტერესდა. როგორც Forbes.kz წერს, მილიარდერს ქვეყანაში Freedom Bank Kazakhstan-ის შვილობილი საფინანსო ინსტიტუტის შექმნა სურს.

გამოცემის ინფორმაციით, თავდაპირველად საქართველოს დედაქალაქში დაფუძნდება სააქციო საზოგადოება FBG Company, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკისგან საბანკო ლიცენზიის მიღებაზე იმუშავებს. ლიცენზიის მიღების შემდეგ კი კომპანია კომერციულ ბანკად ფორმირდება. Freedom Bank Georgia – ეს იქნება ახალი ბანკის დასახელება.

გამოცემის ინფორმაციით, მისი საწესდებო კაპიტალი უკვე დამტკიცებულია, რომელიც 5 მლნ ლარს (დაახლოებით, 1,8 მლნ დოლარს შეადგენს). ის 5 მლნ ჩვეულებრივი რეგისტრირებული აქციისგან იქნება ფორმირებული, რომელთა ნომინალური ღირებულება 1 ლარია.

Freedom Bank Georgia-ს წესდების პროექტი და ბიზნეს-გეგმა, მათ შორის, მომავალი ბანკის ორგანიზაციული სტრუქტურა უკვე დამტკიცებულია. ასევე, Freedom Bank Kazakhstan-მა ქართული ფილიალის მმართველი ორგანოს აღმასრულებელ დირექტორებად და წევრებად არჩევისთვის (დასანიშნად) რეკომენდებული კანდიდატები მოიწონა.

Freedom Bank Kazakhstan-ის შვილობილი კომპანიის დაარსების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 19 სექტემბერს Freedom Holding Corp-ში იქნა მიღებული. Freedom-ს საზღვარგარეთ, კერძოდ, ტაჯიკეთში ბანკის უკვე აქვს გახსნილი, რომელიც, ასევე, ყაზახური ბანკის შვილობილი კომპანიაა. მან საბანკო ლიცენზია 2024 წლის ოქტომბერში მიიღო.

Freedom Bank Kazakhstan ყაზახეთის ბანკებს შორის აქტივების მიხედვით მეათე ადგილზეა, ხოლო მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოს მონაცემებით, მისი აქტივები 2.2 ტრლნ ტენგეს (4 მლრდ დოლარს) შეადგენს.

რაც შეეხება ტიმურ ტურლოვს, ის Freedom Holding Corp-ის დამფუძნებელი და 70%-იანი წილის მფლობელია. Forbes-ის მიხედვით, ტიმურ ტურლოვი ყაზახეთში ყველაზე მდიდარი ადამიანია. მისი ქონება ამ დროისთვის 7.2 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ ტიმურ ტურლოვი 2022 წლამდე რუსეთის მოქალაქეც იყო, თუმცა უკრაინაში დაწყებული საბრძოლო მოქმედებების გამო, მან რუსეთის მოქალაქეობაზე უარი მალევე განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე ერთი ყაზახური ბანკი უკვე ოპერირებს. „ხალიკ ბანკი საქართველო”, რომელიც არის ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ჯგუფის წევრი, საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდანაა წარმოდგენილი. მისი 100%-იანი წილის მფლობელი ყაზახეთის ბაზრის ლიდერი “ხალიკ ბანკი ყაზახეთია”.