აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რატომ არ დაუწესა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთს ამ დრომდე მკაცრი სანქციები. NBC News-ის ეთერში მან განაცხადა, რომ ეს ხელს შეუშლის ვაშინგტონის, როგორც უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლს.
„როგორც კი მკაცრი სანქციებისა და სხვა ზომების გამოყენებას დავიწყებთ, ჩვენი შესაძლებლობა, ვიყოთ შუამავლები მშვიდობის მისაღწევად, შესუსტდება“, – განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ვაშინგტონს მომავალში რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესება მოუწევს. მისი განცხადება ევროპაში რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებული პროვოკაციების ფონზე გაკეთდა.
რუბიომ ასევე გააკრიტიკა ევროპული ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვის გაგრძელების გამო და ამას „აბსურდული გადაწყვეტილება“ უწოდა. მან მოკავშირეებს მოუწოდა, მეტი გააკეთონ რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად.
„ზოგიერთი ქვეყანა შეერთებულ შტატებს დამატებითი სანქციების დაწესებას სთხოვს, თუმცა ევროპაში არიან ქვეყნები, რომლებიც საკმარისს არ აკეთებენ, ამიტომ, ვფიქრობ, რომ მათ მეტი უნდა გააკეთონ“, – ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.