ბრძოლა არქტიკისთვის: რესურსები, “პოლარული აბრეშუმის გზა” და გრენლანდიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა – რა გამოწვევებს აჩენს ზესახელმწიფოების ინტერესი და კლიმატის ცვლილება?
კარგა ხანია, არქტიკა საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების გადაკვეთის სივრცედ იქცა. თანდათან ამ ინტერესებს შორის ბრძოლა სულ უფრო მასშტაბური ხდება. ბუნებრივი რესურსები და სტრატეგიული სატრანსპორტო მარშრუტების პოტენციალი მას გლობალური ძალების ყურადღების ეპიცენტრში აქცევს.
-
ბუნებრივი რესურსები და რუსეთის დომინაცია
რუსეთის ფედერაცია დღეს არქტიკის უდიდეს მოთამაშედ რჩება. ქვეყნის ბუნებრივი აირის მოპოვების 80%-ზე მეტი და ნავთობის მოპოვების თითქმის 20% არქტიკას უკავშირდება. აქ იქმნება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7% და მისი ექსპორტის დაახლოებით 11%, იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის სანაპიროს ნახევარზე მეტი ეკუთვნის სწორედ რუსეთის ფედერაციას.
თუმცა, მიუხედავად ამ გეოგრაფიული უპირატესობისა, რუსეთი სერიოზულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აწყდება. თანამედროვე კონტეინერის ტერმინალები არც მურმანსკშია და არც არხანგელსკში, რის გამოც გემებს ხშირად უწევთ დამატებით სანავიგაციო მანძილის გავლა სანქტ-პეტერბურგამდე. რუსეთის ეკონომიკურ ამბიციებს ასევე აფერხებს საერთაშორისო სანქციები, რაც რთულს ხდის დასავლური ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების მოზიდვას. ასევე რუსეთისთვის დიდი პრობლემად იქცა მოძველებული ყინულმჭრელი ფლოტი – ხომალდების დიდი ნაწილი აშენდა ჯერ კიდევ 1990-იანი წლების მიჯნაზე. ექსპერტების თქმით, მოძველებული ატომური ყინულმჭრელების ავარიები სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხეს ქმნის.
ახლა სიტუაცია ასეთია: რუსეთში ყინულმჭრელებზე არის დიდი მოთხოვნა, მაგრამ მათი აშენების მცირე შესაძლებლობაა, რადგან ეს დამოკიდებულია იმ ტექნოლოგიებზე, რომლებიც საჭიროა ამ ხომალდების წარმოებისთვის და რომლითაც რუსეთი დასავლეთიდან მარაგდებოდა, დღევანდელი სანქციების პირობებში კი, ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
იმის გამო, რომ რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინასთან, ევროკავშირი თანდათან უარს ამბობს რუსეთის წიაღისეულ საწვავზე და აპირებს სრულად შეწყვიტოს რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვა 2027 წლის ბოლოსთვის, შესაბამისად, კრემლი ცდილობს ჩინეთზე გადაეწყოს. 2023 წელს რუსულმა ნავთობკომპანიებმა პირველად გაგზავნეს ნავთობის ტანკერები ჩრდილოეთის საზღვაო გზით ამ ქვეყანაში. ცოტა მოგვიანებით იმავე მარშრუტით წავიდა ასევე თხევადი გაზის პარტია.
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2014-ში დაწესდა, მათგან ყველაზე მძიმე არქტიკაში წიაღისეულის მოპოვების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები დაწესდა. მაგალითად, აშშ-მა და ევროკავშირმა აკრძალეს რუსეთში იმ ტექნოლოგიის ექსპორტი, რომელსაც არქტიკაში ნავთობის მოპოვებაში გამოიყენებდა.
“2014 წლამდე არქტიკაში საერთაშორისო კოოპერაცია ვითარდებოდა და ამერიკელები და ბრიტანელებიც მონაწილეობდნენ ამაში. 2014-ის შემდეგ ეს ყველაფერი საკმაოდ შემცირდა. არქტიკულ ზონაში რუსეთს ბევრი რესურსი აქვს, მაგრამ მათი მოპოვება დროთა განმავლობაში უფრო და უფრო რთულდება, რადგან რუსეთს შესაბამისი, თანამედროვე ტექნოლოგიები არ აქვს. დასავლეთი კი ცდილობს ეს ტექნოლოგიები არ მიაწოდოს”, – ამბობს BBC-სთან.
მოკლედ, სახელმწიფოთა ინტერესი ამ ტერიტორიის მიმართ იზრდება: ახალი სავაჭრო მარშრუტების გარდა, აქ დამალულია დაახლოებით 13% მსოფლიო გამოუკვლეველი ნავთობის და დაახლოებით 30% გამოუკვლეველი გაზის მარაგისა.
-
გლობალური ინტერესები და კონკურენცია
არქტიკის დნობადი ყინულები ახალ შესაძლებლობებს ხსნის საერთაშორისო ვაჭრობისთვის. ჩრდილოეთის საზღვაო გზა, რომელიც ევროპის და აზიის შორის ტრადიციულ მარშრუტებზე მოკლეა, შესაძლოა მომავალში ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო კორიდორად ჩამოყალიბდეს. შესაბამისად, ამ გზისადმი ინტერესს ავლენენ არა მხოლოდ არქტიკული ქვეყნები – ნორვეგია, კანადა, დანია და აშშ, არამედ ისეთი არა არქტიკული სახელმწიფოც, როგორიცაა ჩინეთი.
ჩინეთი არქტიკას “პოლარულ აბრეშუმის გზას“ უწოდებს და აქტიურად ცდილობს მის განვითარებაში მონაწილეობას, როგორც ეკონომიკური, ისე სამეცნიერო-კვლევითი ფორმატით. ეს მოსკოვისთვის როგორც შესაძლებლობას, ისე გამოწვევას წარმოადგენს: ერთი მხრივ, პეკინი რუსეთის ეკონომიკურ პარტნიორად ყალიბდება, მეორე მხრივ კი, მისი გავლენის ზრდა ამცირებს რუსეთის ექსკლუზიურობას ამ სივრცეზე.
-
გრენლანდია
დანიის სამეფოს ნაწილი გრენლანდია (2.16 მილიონი კმ²) მსოფლიოს უდიდესი კუნძული, დიდი ხანი შორეულ და იზოლირებულ ხმელეთად მიიჩნეოდა, რომელიც უფრო მეტად ცნობილი იყო განსაცვიფრებელი, ყინულით დაფარული ლანდშაფტებით, ვიდრე გეოპოლიტიკური მნიშვნელობით. თუმცა, როდესაც არქტიკა სამხედრო და ეკონომიკური კონკურენციის ახალ ასპარეზად იქცა, გრენლანდიის სტრატეგიული ღირებულება მკვეთრად გაიზარდა.
დანიის მოკრძალებული სამხედრო ყოფნიდან დაწყებული, რუსეთის არქტიკაში მილიტარიზაციითა და გრენლანდიის იშვიათი მიწების მინერალებით ჩინეთის მზარდი ინტერესით დამთავრებული, გლობალური ძალები სულ უფრო მეტად განიხილავენ კუნძულს, როგორც კრიტიკულ აქტივს არქტიკის რეგიონის კონტროლისთვის. შეერთებულმა შტატებმა, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით უკვე მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი კუნძულზე, დანიას გრენლანდიის სრული შესყიდვაც კი შესთავაზა, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს ამ უზარმაზარი, განუვითარებელი ტერიტორიის მომავალთან დაკავშირებით.
მოკლედ, არქტიკაში დომინირებისთვის ბრძოლა მწვავდება და ამ ყველაფრის ცენტრში გრენლანდიაც არის, მთავარი კითხვაა კი ასეთია: თუ როგორ უპასუხებენ აშშ, დანია და ნატო რუსეთის მზარდ მილიტარიზაციასა და ჩინეთის ეკონომიკურ ექსპანსიას რეგიონში
-
კლიმატის ცვლილების ფაქტორი
იმის გამო, რომ ჩრდილოეთ პოლუსზე კლიმატი 2–2,5-ჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე მთლიანად პლანეტაზე, ყინული ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში ათწლეულში, საშუალოდ,12%-ით ქრება. ბოლო ათწლეულში არქტიკაზე გამავალი ხომალდების რაოდენობა 37%-ით გაიზარდა. 2030 წლისთვის არქტიკაში შეიძლება დადგეს პირველი, ყინულისგან, პრაქტიკულად, თავისუფალი ზაფხული.
ეს კლიმატური პროცესები, უპირველეს ყოვლისა, ყინულის დნობა, ორაზროვან სურათს ქმნის. ერთი მხრივ, ეს ზრდის რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო საქმიანობის პოტენციალს. მეორე მხრივ კი, სერიოზულ ეკოლოგიურ და სოციალურ რისკებს წარმოშობს – ადგილობრივი ეკოსისტემების დეგრადაცია, მეთევზეობისა და ტრადიციული ცხოვრების წესის შემცირება, სანაპირო ინფრასტრუქტურის დაზიანება.
გარდა ამისა, კლიმატური ცვლილებები ახალ სამხედრო-სტრატეგიულ დინამიკას აჩენს. ყინულის დნობა რუსეთისთვის, როგორც შესაძლებლობაა სამხედრო ფლოტის მობილურობისთვის, ასევე არის გამოწვევაც, რადგან სხვა ქვეყნებსაც უჩნდებათ შესაძლებლობა, რეგიონში გააძლიერონ საკუთარი სამხედრო ყოფნა.
-
დასკვნა
არქტიკა XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე კონტექსტურ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ არენად ყალიბდება. რუსეთისთვის იგი სასიცოცხლო მნიშვნელობის სივრცეა, თუმცა ინფრასტრუქტურული პრობლემები, სანქციები და კლიმატური ცვლილებების შედეგები მას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. დასავლეთის სახელმწიფოები და ჩინეთი კი ცდილობენ გამოიყენონ ყინულის დნობის შედეგად შექმნილი ახალი ფანჯრები საკუთარი ინტერესების გასაფართოებლად.
მომავალი ათწლეულები აჩვენებს, შეძლებს თუ არა რუსეთი არქტიკაში თავისი დომინანტური პოზიციების შენარჩუნებას, თუ რეგიონი მულტიპოლარულ კონკურენციულ სივრცედ ჩამოყალიბდება.