მისი თქმით, ტურიზმის სექტორში დასაქმებულია ბევრი უცხოელი გიდი, მძღოლი და ტუროპერატორი, რითაც ფინანსური ზიანი ადგებათ, როგორც სექტორში დასაქმებულ ადგილობრივ კადრებს, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტს. თეთრაძე აღნიშნავს, რომ საჭიროა სექტორში უცხოელთა დასაქმების რეგულირება.
„კატასტროფაა, რაც დღეს ხდება ტურიზმში უცხოელთა დასაქმების კუთხით, ეს პრობლემა უამრავ ტურისტულ კომპანიას ეხება, სექტორზე უარყოფითად მოქმედებს და საჭიროებს კანონის დონეზე მოგვარებას. უცხოელთა დასაქმება არის ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის სექტორისთვის – ტურისტი მატულობს, ქართველების დასაქმება კი იკლებს ან ერთ დონეზეა.
ეს არის გამოწვეული იმით, რომ უამრავი უცხო ქვეყნის მოქალაქე მუშაობს გიდად და მძღოლად და ასრულებენ ყველა იმ ფუნქციას, რასაც უნდა აკეთებდეს საქართველოს მოქალაქე. რა თქმა უნდა, ტურისტების ძალიან დიდი ნაკადი გადადის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რითაც აკლდება შემოსავალი როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტს“, – ამბობს თეთრაძე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაგეგმილია უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებისთვის სავალდებულო რეგისტრაციის წესების შემოღება. რეგულაციის ამოქმედება 2025 წლის ივნისიდან იყო დაგეგმილი, თუმცა, ბოლო ცვლილებებით 2026 წლის 1-ელ ივნისამდე გადავადდა. როგორც თეთრაძე აღნიშნავს, აღნიშნული კანონის ძალაში შესვლით „მეტ-ნაკლებად ეშველება დარგს“.
„უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდების დასაქმებისთვის მიღებულია კანონი და ძალაში უნდა შესულიყო 2025 წლის ივნისიდან, მაგრამ გადაიდო, რადგან უფრო დაზუსტებული სახე მიიღო რეგულაციებმა. ახლა ველოდებით, რომ მომავალი წლიდან მაინც შევიდეს ძალაში. ამ კანონმა უნდა შეზღუდოს უცხოელთა დასაქმება ტურიზმის სექტორში. თუ რეგულაციები შესრულდა ისე, როგორც კანონში წერია, მაშინ მეტ-ნაკლებად ეშველება დარგს, თუმცა, მაინც არ არის ეს ზომები საკმარისი, რადგან არ უნდა ჰქონდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეს ამგვარად დასაქმების საშუალება. მათ ქვეყნებში ეს სფერო რეგულირდება ძალიან მკაცრად და აქვთ დიდი ჯარიმები. ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს ლიბერალური მიდგომიდან ამ კანონთან დაკავშირებით, რადგან ამგვარი მიდგომა ჩვენს მოქალაქეებს ხელს უშლის.
მოხარული ვიქნებით, თუ სახელმწიფო ყველა რჩევას მიიღებდა და გაითვალისწინებდა არა „სპეციალისტებისგან“, არამედ იმ ხალხისგან, ვინც ამ სფეროში არიან დასაქმებულები და ვის მხრებზეც გადადის ტურიზმის ინდუსტრიის სიმძიმე და სიკეთე. ამ ხალხთან უნდა იყოს კავშირი და არა თუნდაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომელიც ხშირად აცდენილია რეალობას და შეიძლება ითქვას, რომ არ ითვალისწინებს იმას, რაც ჩვენთვის და ქვეყნისთვის არის საინტერესო. კარგი იქნება, თუ იქნება შეხვედრა უშუალოდ ჩვენ სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან ყოველგვარი შუამავლების გარეშე, რომლებიც არ ვიცი რა ინტერესებით მოქმედებენ, როცა რაიმეს განიხილავენ და კანონებს იღებენ“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გიორგი თეთრაძემ.