“ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებლის, ნოშიკო ნამორაძის განცხადებით, ის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრობს და დარწმუნებულია, რომ მას დაჭერის არ ეშინია, ვინაიდან “ამის საშიშროება არ არის“.
აღნიშნულის შესახებ მან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ სად იმყოფება ირაკლი ღარიბაშვილი ახლა და ეშინია თუ არა მას დაჭერის.
“დარწმუნებული ვარ, კარგად არის ირაკლი ღარიბაშვილი. დარწმუნებული ვარ, არა, არ ეშინია დაჭერის, არც არის მაგის საშიშროება. მე ვძმაკაცობ, ვმეგობრობ ირაკლი ღარიბაშვილთან. მე არ ვარ ის კაცი და ადამიანი ვინც უარყოფს გარკვეული თანამდებობის გამო პიროვნულ ურთიერთობებს. ყოველთვის მისი ერთგული და მეგობარი ვიქნებით“,- აღნიშნა ნამორაძემ “ტვ პირველთან“, რომელიც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ გამართულ თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა.
ბიზნესმენი საქართველოში არ იმყოფებოდა. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნამორაძემ საქართველო დატოვა. თბილისის საკრებულოს წევრი საბა ბუაძე წერდა, რომ ნოშრევან ნამორაძის სამშენებლო პროექტი შეიცვალა, რის გამოც შესაძლოა ის უკმაყოფილო იყო.