საბერძნეთიდან მოლდოველი ოლიგარქის, „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილი ლიდერის, ვლადიმირ პლახოტნიუკის კიშინეუში ექსტრადირება განხორციელდა. პლახოტნიუკი კიშინეუში ათენიდან პირდაპირი რეისით კონვოის თანხლებით ჩაიყვანეს.
პლახოტნიუკი 22 ივლისს ათენის აეროპორტში დააკავეს, როდესაც დუბაიში გამგზავრებას ცდილობდა. დაკავებულია ასევე მასთან დაახლოებული პირი, ყოფილი დეპუტატი კონსტანტინ ცუცუ. ამის შემდეგ მოლდოვის იუსტიციის სამინისტრომ საბერძნეთის შესაბამის ორგანოებს პლახოტნიუკის ექსტრადირების თხოვნით მიმართა, რის შემდეგაც მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ პლახოტნიუკი ექსტრადირებას დათანხმდა.
ვლადიმირ პლახოტნიუკზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლმა 2025 წლის თებერვალში გამოაცხადა.
ცნობისთვის, ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვიდან 2019 წლის ივნისში გაიქცა.
მოლდოვაში პლოხოტნიუკის მიმართ სისხლის სამართლის სამი საქმის ფარგლებში დაკავების ორდერია გაცემული. 2023 წლის ივლისში პროკურატურამ სასამართლოს გადასცა საქმე, რომლის მიხედვითაც, პლახოტნიუკს ბრალად ედება 2014 წელს მოლდოვური ბანკებიდან მილიარდის მოპარვაში თანამონაწილეობა.