ხარაგაულში, სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავაც აქტიურია. მოსახლეობამ სოფლები უკვე დატოვა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ადგილზე პროცესები მოკლე დროში განვითარდა. ერთი ვარაუდით, პროცესები ბუნებრივი ტექტონიკური მოძრაობის შედეგად განვითარდა. მეორე ვერსიით კი, მიზეზი რკინიგზის მშენებლობაა, რომლის ფარგლებშიც მთის ფერდობზე აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
ზემოთ აღნიშნულ სოფლებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე უკვე გამოქვეყნდა ხარაგაულის მერიის დაკვეთით შპს „გეოლოჯიქის“ მიერ მომზადებული საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნა. დოკუმენტის თანახმად, ადგილზე „მეწყრული მოვლენის წარმოქმნა ძირითადად ბუნებრივმა ფაქტორებმა განაპირობა“.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ადგილზე არსებული მეწყრული ფერდობი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა მყიფე წონასწორობის მდგომარეობაში და მიდრეკილი იყო მეწყრული მოვლენის განვითარებისკენ.
ამასთან, სპეციალისტების შეფასებით, ადგილზე არსებული მეწყერი მოიცავს დაახლოებით 68.45 ჰექტარს და არსებობს მისი შემდგომი გადაადგილების რისკები.
„შესწავლილი ფერდობი რთულია ტექტონიკური თვალსაზრისით, რაც გამოიხატება იმაში, რომ ტერიტორიას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებით კვეთს რღვევის ხაზი. გეოლოგიურ წარსულში მომხდარ ამ ტექტონიკურ გადაადგილებას შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენაც მოეხდინა ტერიტორიაზე არსებული თანამედროვე რელიეფის ჩამოყალიბებაში.
მეწყრული სხეულის თავისა და ძირის ნიშნულებს შორის სხვაობა 170 მეტრია. ამის გამო (და არა მარტო) მეწყერს შემდგომი გადაადგილებისთვის მაღალი ენერგეტიკული პოტენციალი გააჩნია. შემდგომი გადაადგილება ფერდობის სხვადასხვა ნაწილში აუცილებლად წარმოქმნის ახალ მეწყრულ ნაპრალებსა და საფეხურებს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, არსებული მეწყერი მდინარე ყარნებას კალაპოტის სიახლოვეს სრულდება, თუმცა არსებული დაქანების გამო, მიწის მასა მდინარის მიმართულებით გადაადგილდება და იწვევს მდინარის შეგუბებას.
„მდინარის კალაპოტი ერთ მონაკვეთში უკვე არის დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლეზე შევსებული და მდინარე შეგუბებულია. ეს პროცესი გრძელდება და მეწყრისა და ხეობის მორფოლოგიის გათვალისწინებით საბოლოოდ მდინარე ყარნებას ხეობის დაახლოებით 70-80 მეტრის სიმაღლეზე ამოვსების პოტენციალი არსებობს“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში თანახმად, აღნიშნული მეწყერი ცოცვის ზედაპირის განლაგების სიღრმის მიხედვით „კლასიფიცირდება როგორც „ძალიან ღრმა“, ხოლო მოცულობის მიხედვით „ძალიან მძლავრი – ექსტრემალურად დიდი“ (მეწყრული სხეულის მოცულობა 29.8 მილიონი კუბური მეტრია, ხოლო ცოცვის ზედაპირის განლაგების საშუალო სიღრმე 43 მეტრია)“.
კვლევის განმახორციელებელი კომპანია დოკუმენტში უთითებს, რომ ფერდობზე არსებული მეწყერი აქტიურ დინამიკაშია და მისი სტაბილიზაცია ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის.
ამასთან, ანგარიშში მიმოხილულია მეწყრის გააქტიურებაზე სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანის ეფექტიც. დოკუმენტის თანახმად, „ადგილზე არსებული გარემოებები ფაქტობრივად გამორიცხავს სარკინიგზო ჭრილის მოწყობით გამოწვეული რელიეფის ცვლილების უარყოფით როლს საკვლევ მეწყერთან მიმართებაში“.
როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, მეწყერი გარკვეულწილად ავსებს მდინარის კალაპოტს, რაც სამომავლოდ ღვარცოფების რისკებს ზრდის.
კვლევის ავტორები უთითებენ, რომ „ასეთ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დგება სარკინიგზო მაგისტრალი. ასევე, მდინარე ყარნებასა და ჩხერიმელას ხეობების შესაბამის მონაკვეთში მდებარე ინფრასტრუქტურა (სახლები, საავტომობილო გზები, ხიდები და სხვა)“.
„ამ პირობებში აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებაც კი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, მისი საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენება კი კატეგორიულადაა დაუშვებელი,“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.