Bloomberg: მერცმა ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ორბანი გააკრიტიკა და ბლოკის უსაფრთხოების საჭიროებებთან დაკავშირებული დისკუსიების ჩაშლაში დაადანაშაულა

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა კოპენჰაგენში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გააკრიტიკა და ის ბლოკის უსაფრთხოების საჭიროებებთან დაკავშირებული დისკუსიების ჩაშლაში დაადანაშაულა. ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

დაპირისპირება მოხდა დისკუსიის დროს, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს, უკეთ დაიცვას თავი რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებისგან და მხარი დაუჭიროს უკრაინას.

„ეს დავა ევროკავშირის იმედგაცრუების უახლესი გამოვლინებაა ორბანის მიმართ, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დასაბლოკად ვეტო გამოიყენა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ბლოკი ცდილობს, გაერთიანდეს თავდაცვის აღდგენის გეგმების გარშემო, ბოლო თვეებში რუსეთის მხრიდან [ნატოს ქვეყნების] საჰაერო სივრცის მრავალრიცხოვანი დარღვევების ფონზე“, – წერს Bloomberg-ი.

ამავდროულად, თავად ორბანმა პროსამთავრობო ვებსაიტზე დაწერა: „ეს იყო დაძაბული, განსაკუთრებით საინტერესო ევროპული სამიტი.“

თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დრონებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი საფრთხეები „ევროპისგან ძლიერ და გადამწყვეტ რეაგირებას მოითხოვს“. მან დასძინა, რომ „ევროპის ყველა მოქალაქე და ევროპის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი უსაფრთხოდ უნდა იყოს“.

თუმცა, Bloomberg-ის ცნობით, კომისიის წინადადებას „დრონების კედლის“ აშენების შესახებ განხილვების დროს ცივი გამოხმაურება მოჰყვა.

„მიუხედავად იმისა, თუ რა შესაძლებლობების შეძენა შეგვიძლია, დრონები ევროპაში მაინც შემოვა“, – აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა.

ამავდროულად, პოლიტიკოსმა, რომელიც შეხვედრას უძღვებოდა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის კვლავ მხარს უჭერს ზოგად კონცეფციას.

„ჩვენ სრულიად ვეთანხმებით, რომ გაცილებით მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ დრონების ტექნოლოგიაში, დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიაში, ასევე ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში“, – დასძინა ფრედერიქსენმა.

თავის მხრივ, იტალიისა და ესპანეთის წარმომადგენლებმა დაჟინებით მოითხოვეს, რომ კომისიის თავდაცვის გეგმები მთელ კონტინენტს თავდაცვაში და ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაში უნდა დაეხმაროს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ამის გარეშე ევროკავშირის თავდაცვა არაეფექტური იქნება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ აღნიშნა: „ევროპის საზღვრები მხოლოდ მაშინ იქნება დაცული, თუ ევროპის ყველა საზღვარი იქნება დაცული“.

Bloomberg-მა აღნიშნა, რომ დღეს, 2 ოქტომბერს, ევროკავშირის ლიდერებს სამხედრო საჭიროებების განსახილველად სხვა ევროპული ქვეყნების, მათ შორის უკრაინის ლიდერებიც შეუერთდებიან.

„როდესაც დღეს ევროპას ვუყურებ, ვფიქრობ, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე რთულ და სახიფათო სიტუაციაში ვართ“, – დაასკვნა ფრედერიქსენმა.