„ყოველწლიურად 3%-ით იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება“ – მზის ენერგიის განვითარების რა პოტენციალი აქვს საქართველოს

წელს საქართველოში დაფიქსირდა უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ზაფხულში ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ქვეყანამ თბოსადგური ამუშავა. გამოდის რომ ზაფხულის ცხელ დღეებში, როდესაც მზის ენერგიის პიკია, ჩართული იყო თბოსადგურები და ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ვწვავდით ბუნებრივ აირს, რომელიც ხშირად რუსული ან აზერბაიჯანულია, ისევე როგორც საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგია.

არადა ზაფხულის პიკური დატვირთვის დროს მზის ელექტროსადგური არის საუკეთესო საშუალება იმისა, რომ განახლებადი და ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგია გამოიმუშაო, მოთხოვნაც დააკმაყოფილო და სისტემაც ამუშაო.

მართალია, საქართველოში მზის სადგურებზე მოთხოვნა მზარდია, რასაც ხელს უწყობს როგორც პროექტებზე ფასების შემცირება, ასევე საინვესტიციო მიმზიდველობა, მაგრამ მზის ელექტროსადგურების განვითარებას ერთი მხრივ რეგულაციები, მეორე მხრივ კი ბიუროკრატიული ბარიერები აფერხებს.

მზის სადგურების განვითარების კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ ისაუბრა:

ვიდრე ვისაუბრებთ რა პოტენციალი აქვს მსოფლიოსა და საქართველოში მზის ენერგიის გამომუშავებას, წლევანდელი ზაფხულის პიკურ მაჩვენებლებზე და თბოსადგურების მუშაობაზე რომ ვისაუბროთ…

– წელს უპრეცედენტო შემთხვევა იყო, მაგრამ ჩვენ ამის წინასწარმეტყველება შეგვეძლო; წლების წინ ვსაუბრობდით, რომ აქამდე მოვიდოდით. თუ არ ვცდები, შარშანწინაც იყო შემთხვევა, როდესაც ზაფხულში მცირე ხნით თბოსადგური ჩაირთო. მაშინვე გვქონდა საუბარი, რომ ეს „ცოტა ხნიანი ჩართვა“ რამდენიმე წელში იქნებოდა მთელი ივლისისა და აგვისტოს განმავლობაში. სულ რომ თავი დავანებოთ იმას, რომ თბოსადგურებისთვის ბუნებრივი აირის იმპორტი ხდება, ფინანსურად გაცილებით ძვირიანი ენერგიაა, ვიდრე მზის სადგურებით გამომუშავებული ელექტროენერგია.

ქვეყანა ვითარდება. წელს ტურიზმს სასწაული მასშტაბი ჰქონდა. ეს კარგია, მაგრამ ამ ტურიზმს სჭირდება ძალიან დიდი რაოდენობის ელექტროენერგია, არავინ შევა სასტუმროში, რომელიც არ არის გაგრილებული. აქამდე ვამბობდით, რომ ზამთრის პიკური ქვეყანა ვართ; ახლა გამოჩნდა, რომ ზაფხულის პიკური ქვეყანაც ვართ. ყოველწლიურად მინიმუმ 3%-ით იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, რასაც ვერ ეწევა გენერაცია. საბოლოოდ, ეს მოცემულობა აუცილებლად გამოიწვევს ტარიფზე ზემოქმედებას.

რომ დავაზუსტოთ, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის იმპორტზე დამოკიდებულება გამოიწვევს ტარიფების ზრდას, თუ ჩვენ არ მოვახდინეთ აქცენტი ენერგეტიკის სექტორის დივერსიფიცირებაზე და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე?

– რა თქმა უნდა… ციფრებით გეტყვით რატომ, მაგალითად, თუ მზის ელექტროსადგური სახელმწიფოს წახალისებით აშენდება, 5.6 ცენტს გადაუხდის სახელმწიფო ინვესტორს, თბოსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია კი, რომელიც ამ ზაფხულს დავწვით, 7-ცენტამდეა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე მზის ელექტროენერგიის მიერ გამომუშავებულის ფასი და ამას იხდის მომხმარებელი. ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ზაფხულის პიკურ პერიოდში მხოლოდ თბოსადგური არ იყო ჩართული, იმპორტიც გვქონდა. წინათ ამ პერიოდში იმპორტი არ გვქონდა, რადგან თოვლი რომ დნებოდა და წყალუხვობის პერიოდი იყო, ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გვყოფნიდა, მაგრამ ესეც აღარ არის საკმარისი ახლა.

ბევრი ამბობს ხოლმე, რომ პურს თუ ვყიდულობთ რუსეთიდან, ელექტროენერგია რომ ვიყიდოთ, რა დაშავდებაო?! ჯერ ერთი, იმპორტირებული ელექტროენერგია ძვირია. მეორე, ამ ქვეყანაში არიან ინვესტორები, ვისაც სურს რომ ეს დარგი განავითაროს – სჯობს ჩვენს ეკონომიკაში დარჩეს ეს ფული და საერთო კეთილდღეობას მოხმარდეს, ვიდრე გავიდეს. შესაძლოა, ვიღაცას არ აინტერესებს გარემოს საკითხები, მაგრამ ენერგოუსაფრთხოება და ჩვენი ჯიბე ხომ ყველას გვაინტერესებს?!

მსოფლიოში არის ტენდენცია, რომ ვისაც აქვს საკმარისი იზოლაცია და შეუძლია გამოიმუშაოს მზის ენერგია, არათუ ადგილობრივ ბაზარს აწვდის, იმპორტზეც გააქვთ მზით გამომუშავებული ელექტროენერგია. გვაქვს მზე და რატომ არ შეგვიძლია ეს პოტენციალი სათანადოდ გამოვიყენოთ?

– ელექტროენერგიას მხოლოდ რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან კი არა, სომხეთიდანაც ვყიდულობთ. სომხეთი მზის ენერგიას გვაწვდის; ამ კალათაში შესაძლოა, ატომური სადგურების წილიც არის, მაგრამ სომხეთი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი მზის ელექტროენერგიის პოტენციალის განვითარება. საქართველოში მზის ელექტროსადგურების წამახალისებელი მექანიზმი იყო ნეტო აღრიცხვა. ნეტო აღრიცხვის ფარგლებში მოხდა დიდი მასშტაბის სადგურების მშენებლობა. დღესდღეობით მხოლოდ 5 ცალი ინდუსტრიული სადგურია, რომელიც მთლიან გამანაწილებელ ქსელში ინტეგრირდა, დანარჩენი არის ნეტო აღრიცხვის ფარგლებში აშენებული 200 მგვტ. მეტი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები. ის, სადგურები, რაც ელექტროსისტემას დღეს შეუერთდა და სატესტო ფაზაშია, 10 მგვტ. სიმძლავრისაა. წარმოიდგინეთ, 3-4 წლის განმავლობაში ჩვენ ვერ შევძელით ქსელური ტიპის ინდუსტრიული სადგურის აშენება 10 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის. ამის მიზეზია ის, რომ იმ პროექტებზე, რომელიც ახლა მთავრდება, 2 წლის წინ არის გაცემული მხარდაჭერის მექანიზმი. მთელი ბიუროკრატიული მექანიზმის გავლა უწევს ბიზნესს იმისთვის, რომ ააშენოს 2 მგვტ. სიმძლავრის მზის ელექტროსადგური. მინიმუმ 2-ჯერ არის პროექტი მთავრობაზე გასატანი; 2 მგვტ. სიმძლავრის მზის ელექტროსადგური არის დაახლოებით 800 ათასი დოლარის. ასეთი მნიშვნელოვანია 800 ათასი დოლარის ღირებულების პროექტი, რომ მთავრობამ უნდა მოიწონოს?! სხვა ქვეყნებში მთავრობაზე გადის ასეთი პროექტები?!

ამასთან, სამინისტროში შეიცვალა მენეჯმენტი და ახლა ახალი მენეჯმენტი ცდილობს, რომ წინა მენეჯმენტის გაუკეთებელი საქმე გააკეთოს. კარგია რომ ცდილობენ და მხარს ვუჭერთ ამ საქმეში, მაგრამ დრო გადის. მარტო ის არ არის, რომ შრომაა გასაწევი, მექანიზმებია გასამარტივებელი, რომ ისევე როგორც ნეტო აღრიცხვაში 1 ფანჯრის მეთოდით შენდებოდა მზის ელექტროსადგური, იმავენაირად უნდა იყოს 2 მგვტ-მდე პროექტებზეც. როცა საუბარია დიდ პროექტზე, რომელიც მაგალითად 70 ჰა-ს იკავებს, ვიკამათოთ, უნდა აშენდეს თუ არა, ვისი მიწაა, სახნავ-სათესია თუ არა და ა.შ, მაგრამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ისეთი რამ, რომ როდესაც ვიღაცას თავის ნაკვეთზე უნდა 2 მგვტ.-მდე სიმძლავრის სადგურის აშენება, ამაში უწევდეს მინიმუმ ერთწლიანი პროცედურის გავლა.

როგორ განვითარდება სიტუაცია, თუ არსებული ვითარება დიდად არ შეიცვალა და სახელმწიფო ნების არარსებობის პირობებში ინერციით გაგრძელდა პროცესები, ან იმ შემთხვევაში თუ შეცვლის მიდგომას სახელმწიფო და ადგილობრივ გამომუშავებას წაახალისებს?

– ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკის დონეზე პრობლემა. სახელმწიფო არ ამბობს, რომ არ უნდა განვითარდეს, პირიქით, სახელმწიფო ამბობს, რომ უნდა განვითარდეს ენერგეტიკის დარგი, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრობლემა აღსრულების ნაწილში. ამის მიზეზი სავარაუდოდ არის პერსონალის ნაკლებობა. ეკონომიკის სამინისტროში საჭიროა პერსონალის გაზრდა. მე იმ ადამიანებს მივეკუთვნები, ვინც ამბობს, რომ ამ სფეროს სჭირდება ცალკე სამინისტრო. რესურსი არ არის სამინისტროში ახლა საკმარისი, არის დეპარტამენტის ერთი ხელმძღვანელი, რომელსაც ვეკონტაქტებით, უწყებაში კი 400 მზის პროექტია შესული. ერთი ადამიანი როგორ დაძლევს ამდენ პროექტს?!

ბოლო პერიოდის განმავლობაში სახეზე გვაქვს არაერთი კორუფციული სკანდალი. თქვენ თქვით, რომ მაგალითად 800 ათასიანი პროექტის დამტკიცებას რატომ უნდა სჭირდებოდეს სახელმწიფოს ჩართულობაო. ხომ არ შეიძლება ადგილობრივი წარმოება იმპორტიორების ინტერესებს ეწირებოდეს? მე რაც ვნახე სულ რამდენიმე იმპორტიორია, ვისაც სარფიანად აქვს ეს ბიზნესი აწყობილი..

– ეს იმპორტიორები არიან ადგილობრივი გენერაციის პროექტებშიც, ამიტომ საკითხს ასე ნუ უყურებთ, რომ მხოლოდ იმპორტს ახორციელებენ. ცალსახად არ შეიძლება ითქვას, რომ ვიღაც იმპორტიორის ინტერესია, რომ აქ გენერაცია ჩაიკეტოს. ის, რომ ეკონომიკის სამინისტროში მენეჯმენტი შეიცვალა, წინა მენეჯმენტის წარმომადგენელი დაკავებულია და ბრალი ედება, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ წინა მენეჯმენტში ვერ კეთდებოდა რაღაცები ისე, როგორც საჭირო იყო. ახალი მენეჯმენტის პირობებში დიდი იმედით ვართ, მათთან შეხვედრის შედეგად გვაქვს ადეკვატური რეაქციები. პოლიტიკის და დაპირების დონეზე სწორია რასაც ისინი გასცემენ, მაგრამ აღსრულება რამდენად მოხდება ამ ყველაფრის, ბურთი ახლა უკვე მათ მოედანზეა.