საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია, მაგრამ 2003 წლიდან განსხვავებით, ეს არ იქნება პარტიული რევოლუცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის თქმით, ორი პარტია ცდილობს, „დარჩეს ოლიგარქის ლოიალურ „ოპოზიციად“ და ამ ლოიალური პარტიებიდან ერთ-ერთს აქვს ფინანსური ბერკეტები“.
„ჩემთვის დღესავით ნათელია, რა ხდება პარტიების ფლანგზე. ორი პარტია ცდილობს, დარჩეს ოლიგარქის ლოიალურ „ოპოზიციად“ და გვერდზე გასწიოს ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იბრძვიან ივანიშვილის მოსაშორებლად. ამ ლოიალური პარტიებიდან ერთ-ერთს აქვს ფინანსური ბერკეტები.
ტელევიზიებზე დააკვირდით, რომ ბოლო ხანებში ბევრად უფრო ხშირად, ვიდრე ადრე, იწვევენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს (რაც მე ძალიან მახარებს) და უსვამენ ერთსა და იმავე კითხვებს, „იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას მარცხზე“, „რა მოხდება თუ 4-ში ყველაფერი არ დამთავრდა“.
თავისთავად, ეს ლეგიტიმური კითხვებია, მაგრამ მათი მუდმივი გამეორება ნათლად მეტყველებს, რომ „ლოიალურ ოპოზიციას“ მთელი გათვლა აქვს საპროტესტო მოძრაობის მარცხზე და კონკურენტი პარტიების დისკრედიტაციაზე. ე.ი. მათ მთელი ფსონი აქვთ დადებული რუსული რეჟიმის დარჩენაზე. რამდენად მორალურია ეს პოზიცია, თქვენ თავად განსაჯეთ.
საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია, მაგრამ 2003 წლისგან განსხვავებით, ეს არ იქნება პარტიული რევოლუცია.
თანამედროვე ეპოქაში ყველა წარმატებული რევოლუცია (ნეპალი, მადაგასკარი, მიმდინარე სერბული პროტესტი) მოახდინა ჯენზიმ, საქართველოშიც პროტესტის ბირთვი არის ჯენზი და ეს სტიქია ნამდვილად არ გაითვალისწინებს ზოგიერთი პოლიტიკოსის ინტრიგებს და ვიწრო ინტერესებს“, – წერს სააკაშვილი.