ტრამპი პუტინის იდეას სტრატეგიული ბირთვული იარაღის შეზღუდვის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ „კარგ იდეას“ უწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სტრატეგიული ბირთვული იარაღის შეზღუდვის შეთანხმების ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის შეთავაზებას „კარგ იდეას“ უწოდებს.

„ჩემთვის ეს ჟღერს, როგორც კარგი იდეა“, – განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს.

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სტრატეგიული შეიარაღების რბოლის პროვოცირების თავიდან აცილების, პროგნოზირებისა და თავშეკავების მისაღები დონის უზრუნველსაყოფად, მზად არის 2010 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული, მსოფლიოში ორი უდიდესი ბირთვული არსენალის შეზღუდვა გაახანგრძლივოს, თუ იმავეს შეერთებული შტატებიც გააკეთებს.

შეთანხმებას ვადა თებერვალში ეწურება.