გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებაზე ფიქრობს.
კერძოდ, კითხვაზე, უფიქრია თუ არა პუტინთან დარეკვაზე, კანცლერმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, ამაზე ვფიქრობ. უბრალოდ, ვხედავ, რომ ახლა მასთან საუბრის ნებისმიერი მცდელობა უკრაინაზე კიდევ უფრო მკაცრი თავდასხმებით მთავრდება“.
ამასთან დაკავშირებით მერცმა განაცხადა, რომ გასულ კვირას კოპენჰაგენში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან მწვავე კამათი ჰქონდა.
მერცის თქმით, ორბანმა ევროპელი ლიდერები რუსეთთან მოლაპარაკებების სურვილის არ ქონაში დაადანაშაულა.
„მან დაგვადანაშაულა, რომ მოლაპარაკებები არ გვინდა“, – განმარტა გერმანიის კანცლერმა.
ამ საყვედურის საპასუხოდ მერცმა ორბანს განუცხადა, რომ გასული წლის ივლისში, როდესაც უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იყო, უნგრეთის პრემიერი ჯერ კიევში, შემდეგ კი მოსკოვში გაემგზავრა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად.
„პუტინის პასუხი კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვა იყო. ეს ის გზა არ არის, რომლის არჩევაც მე მსურს“, – დასძინა კანცლერმა.