თბილისი-რუსთავის მაგისტრალური გზის დარჩენილი მონაკვეთის სკოპინგის დასკვნა სექტემბრის დასაწყისში ძალადაკარგულად გამოცხადდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, გაუქმების მიზეზი გახდა ის ცვლილებები, რომელიც საპროექტო გზის მშენებლობა/მოდერნიზაციის პროექტში შევიდა.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული გზის მონაკვეთს თავდაპირველად ფონიჭალაზე უნდა გაევლო, თუმცა პროექტი მოსახლეობის პროტესტის ფონზე 2019 წელს შეჩერდა.
უკვე ახალ მარშრუტს კი, რომლის სკოპინგის დასკვნაც გაუქმდა, ფონიჭალისთვის გვერდი უნდა აევლო. „ბიზნესპრენიუსს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, რომ „სკოპინგის ანგარიშში განხილული მარშრუტი არ იცვლება“.
ამასთანავე, უწყებაში განგვიმარტეს, რომ თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მეორე მონაკვეთის „საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება დასრულების ეტაპზეა“.
რაც შეეხება ვადებს, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, აღნიშნული გზის მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2026 წლის დასაწყისიდან. ხოლო მშენებლობის განხორციელების ვადა 36 თვეზეა გაწერილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისი-რუსთავის მაგისტრალური გზის აღნიშნული პროექტი თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) გზის ნაწილია. საპროექტო მონაკვეთი რამდენიმე ლოტად არის დაყოფილი. კერძოდ, ზემოთ აღნიშნული ფონიჭალა-რუსთავის პროექტი გზის მეორე მონაკვეთია. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისი-რუსთავის 17 კმ-იანი საავტომობილო გზის დასრულებული 13.5 კმ-იანი მონაკვეთით ავტოტრანსპორტი 2018 წლიდან სარგებლობს.
ამასთან, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გასული წლის ივნისში გამოაცხადა. საუბარია, 3-კილომეტრიან გზაზე, რომელიც ფონიჭალას გაივლიდა. ხელშეკრულება შპს „კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალთან“ არის გაფორმებული. კომპანია სამუშაოს 3 165 000 ლარად ასრულებს. ხელშეკრულების ვადა 2028 წლის ბოლომდეა.