რიაბკოვი აცხადებს, რომ აშშ-მა უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების გადაცემის შედეგების სიმძიმე უნდა გააცნობიეროს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააცნობიეროს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტების გადაცემის შედეგების სიმძიმე. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

როგორც რიაბკოვმა აღნიშნა, რუსეთი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, პასუხისმგებლობით მიუდგეს უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტების გადაცემის შესაძლო გადაწყვეტილებას.

„ასეთი სისტემების ჰიპოთეტურად გამოყენება მხოლოდ ამერიკელი პერსონალის პირდაპირი ჩართულობით არის შესაძლებელი. იმედი მაქვს, რომ ისინი, ვინც ვაშინგტონს ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებენ, კარგად აცნობიერებენ შედეგების სიღრმესა და სიმძიმეს“, – აღნიშნა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოუწოდა თეთრ სახლს და პენტაგონს, „მთელ ამ სიტუაციას ფხიზლად, გონივრულად და პასუხისმგებლობით მიუდგნენ“.