„სამინისტროს აქვს ხედვა, რომ გააკეთოს საკუთარი ლაბორატორია – ეს გვიჩენს რისკს, რომ ჩადებული ინვესტიცია სამომავლოდ ფუჭი აღმოჩნდეს“

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობს სახელმწიფოს დაკვეთით აშენებული გზების ხარისხსა და ვადებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კერძო სექტორთან რამდენიმე შეხვედრაც გამართა და განაცხადა, რომ გზების ხარისხი და ვადები „მკაცრად გაკონტროლდება“.

ირკვევა, რომ ხარისხის გაუმჯობესებისთვის სამინისტრო გეგმავს ლაბორატორიის შექმნას, რომელიც გზების ხარისხს გაუწევს მონიტორინგს. ამ სიახლეს კერძო ლაბორატორიების ნაწილი არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ეს ხარისხის კუთხით არსებულ პრობლემებს ვერ გადაჭრის.

„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას Caucasian Infrastructure Technology-ის დირექტორმა ტიტე ჯიშიაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ლაბორატორია უკვე აქვს თბილისის მერიას, ამ უკანასკნელის დაკვეთით ლაბორატორია ამოწმებს ხარისხს და თავად მერია ადასტურებს. რესპონდენტის თქმით, ამის მიუხედავად, თბილისშიც ზიანდება გზები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ თვითკონტროლი პრობლემის აღმოფხვრას არ უზრუნველყოფს.

„პირადად მეც მქონდა მინისტრთან შეხვედრაზე კითხვები გზების ხარისხთან დაკავშირებით. მათ ახლაც აქვთ მიმდინარე მშენებლობის ტენდერი ლაბორატორიული მომსახურებისთვის. მაგალითად, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არის ლაბორატორია, რომელიც თვითონვე ამოწმებს გზების ხარისხს, ადასტურებს და თვითონვე არის დამკვეთი – ეს პროცესები, პირველ რიგში, აფერხებს ლაბორატორიების განვითარებას, იმიტომ რომ, თბილისში სამუშაოებს, ფაქტობრივად, მხოლოდ თბილისის მერიის ლაბორატორია ახორციელებს; მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ თბილისშიც ფუჭდება გზები, ეს აჩვენებს რომ თვითკონტროლი პრობლემის აღმოფხვრას არ უზრუნველყოფს.

სამინისტროს აქვს ხედვა, რომ თვითონ გააკეთოს ლაბორატორია. სავარაუდოდ, არის საუბარი, რომ პირველ ეტაპზე ამ ლაბორატორიის ფუნქცია იქნება ის, რომ გადაამოწმონ და დარწმუნდნენ სხვა ლაბორატორიების სწორ ან არასწორ ქმედებაში. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ხარისხთან მიმართებაში მხოლოდ ამ ნაბიჯში გამოსავალს ვერ ვხედავ.

მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში როგორც ზედამხედველობა, ასევე მშენებლობა არის აუთსორსზე, ტენდერების გზით გატანილი, რაც ხელს უწყობს როგორც ბიზნესის განვითარებას, ასევე ხარისხის შექმნას. ყველა ქვეყანაში არის ისეთი ლაბორატორიები, რომლებიც მხოლოდ დადებით შედეგებს გასცემენ და ამით იზიდავენ მშენებლებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ამ ლაბორატორიების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე უნდა იყოს, შესაბამისად, შექმნილია დიდი შავი ხვრელი, რომელიც საბოლოოდ სახელმწიფოს აზიანებს, რადგან სახელმწიფოს მიერ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები იხარჯება. ამ ნაწილში სრულიად ვეთანხმები მინისტრს, რომ თუ იხარჯება ქვეყნის ბიუჯეტიდან თანხა, სამუშაოები უნდა შესრულდეს მაქსიმალურად ხარისხიანად“, – აღნიშნა ტიტე ჯიშიაშვილმა.

ამასთანავე, რესპონდენტს ვკითხეთ, თუ სახელმწიფო შექმნის ლაბორატორიას გზების ხარისხის კონტროლისთვის, რა ბედი ელის კერძო ლაბორატორიებს ამ ქვეყანაში:

„მეც ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი… ჩვენ ვცდილობთ, რომ კიდევ უფრო მეტად განვვითარდეთ და დამატებით შევიძინოთ დანადგარები, რომელიც საკანონმდებლო დონეზე საქართველოში ჯერ მოთხოვნილი არ არის. როგორც ბიზნესის წარმომადგენელმა შემიძლია გითხრათ, რომ მათ მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება, საკუთარი ლაბორატორიის გახსნაზე, პირდაპირ გვიჩენს რისკებს, რომ ჩვენ მიერ ჩადებული ნებისმიერი ინვესტიცია სამომავლოდ ფუჭი აღმოჩნდეს. ეს პროცესები ჩვენზე უარყოფითად აისახება“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ტიტე ჯიშიაშვილმა.